ახალციხეში სასწრაფო დახმარების ბრიგადა ავარიაში მოყვა – არიან დაშავებულები
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში დღეს, შუადღის საათებში მოყვა. ბრიგადის წევრები, რომლებსაც მძიმე ავადმყოფი გადაჰყავდათ, “ტოიოტას” მარკის ავტომობილი დაეჯახა.
“სწრაფად მოვდიოდი, პაციენტი გადაგვყავდა მძიმედ იყო. სოფელი საძელიდან მოგვყავდა და სირენებიც ჩართული მქონდა. მსუბუქი ავტომობილი დაგვეჯახა და ჩვენ ხეს შევეჯახეთ”,- განაცხადა მძღოლმა.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ორი დაშავებული შეიყვანეს, კლინიკაში აცხადებენ, რომ ორივეს ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო–სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.