ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო
ქობულეთის ტურისტულად აქტიურ ზონაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები თამარ მეფის N70-დან მიმდინარეობს და ზღვისპირა პარკის 2-კილომეტრიან მონაკვეთის მოწესრიგება იგეგმება.
პროექტის მიხედვით წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაცია. დეკორატიული ფილებით მოეწყობა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, გაშენდება მწვანე ზოლი, ასევე დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა.
სრულად კეთილმოეწყობა სანაპირო ზოლი. პროექტი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
პროექტი გარდამავალია და სამუშაოებისთვის 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ზღვისპირა პარკის პირველი ეტაპის მოწყობა გასულ წელს დასრულდა. პროექტით მოწესრიგდა და მოეწყო 850-მეტრიანი მონაკვეთი. ჯამში სანაპირო ზოლის 2 კმ და 850 მეტრი მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება.