ხვალიდან ვიზიტორებისთვის საქართველოს დაცული ტერიტორიები იხსნება
15 ივნისიდან, საქართველოს ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას აღადგენს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიებზე შესვლა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვითაა ნებადართული.
“ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსქრინინგი, დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
დაცული ტერიტორიები საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობაა, ულამაზესი ბუნებით, ხელუხლებელი ტყეებით, კანიონებით, მღვიმეებით, დინოზავრის ნაკვალევით და მრავალფეროვანი სერვისებით, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
2019 წელს, საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა: ყაზბეგის ეროვნული პარკი; მარტვილის კანიონი; პრომეთეს მღვიმე; ოკაცეს კანიონი; თბილისის ეროვნული პარკი.
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა და მათი საერთო ფართობი მთლიანი ქვეყნის 9,56%-ს შეადგენს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა. დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაა.
იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ თქვენი რჩეული ეროვნული პარკი.
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტისთვის, ბილეთების შეძენა შესაძლებელია დისტანციურად ვებ გვერდზე www.guru.ge
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე www.nationalparks.ge”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.