კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევიდან 4 სოფელ მუშევანს უკავშირდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში კორონავირუსის 4ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ოთხივე პირი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
“კორონავირუსით ინფიცირებული პირები, სოფელ მუშევანში ჩატარებული ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, თვითიზოლაციასა და კარანტინში გადასული პირები არიან. აღნიშნული პირები მუშევანში ინფიცირებული პაციენტების კონტაქტები იყვნენ და მათ კარანტინის ვადა ეწურებოდათ. გადამოწმების შედეგად კი პირებს ვირუსული ინფექცია დაუდასტურდათ”, – განაცხადეს მერიაში.
ეპიდემიოლოგებმა სოფელ მუშევანში 20 საკვლევი მასალა ორი დღის წინ აიღეს, შედეგები დღეს დილით გახდა ცნობილი და 16 პირის ანალიზის პასუხი კოვიდ19-ზე უარყოფითია.
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულთა რიცხვმა 190-ს მიაღწია. მათგან 117 გამოჯანმრთელდა, 4 – გარდაიცვალა.