ვარძიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წლიური ანგარიში წარადგინა
განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ვარძიაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის წარდგენას დაესწრო და ვარძიის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა.
ღონისძიებას ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარიც ესწრებოდნენ.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიხეილ ჩხენკელმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ამ მასშტაბისა და ხარისხის პროექტები ქვეყანაში „ქართუს“ ქველმოქმედების გარეშე ვერ განხორციელდებოდა.
„უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ქვეყანაში. მათ შორის ვარძიის რეაბილიტაცია. ცნობილი მუცოს პროექტი, რომელმაც ძალიან პრესტიჟული ევროპანოსტრას პრიზი დაიმსახურა. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინას და „ქართუს“. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ჩვენი ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედზე ზრუნვის საშვილიშვილო საქმეში“,- განაცხადა ჩხენკელმა.
შეხვედრას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორიც დაესწრო. მან იმ დაფინანსების წყაროებზე ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ვარძიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
„დაფინანსების უზარმაზარი წყარო ზუსტად ფონდი ქართუა. ძალიან ბევრ ნაბიჯებს ვდგამთ სახელმწიფოსთან ერთად, რათა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა სწორი პროექტებით გავაჯანსაღოთ. ამიტომ, დღეს, წარვადგინეთ ის ყველაფერი, რაც 2019 წელს გავაკეთეთ და ვისაუბრეთ, სამომავლო გეგმებზეც“,- განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი მონაცემთა ბაზის საერთაშორისო პლატფორმაზე შეიქმნა სერვისები, რომლებიც დაინტერესებულ მოქალაქეებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციას ინტერაქციულ რეჟიმში აწვდიან. ასევე, ამოქმედდა უძრავი ძეგლების ვირტუალურ-შემეცნებითი ტურების პროექტი, რომელიც ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება და რამდენიმე ათეულ ძეგლს მოიცავს.