დამსხვრეული მითი და „სულტანი ადრეულას“ ვენახი ზემო რაჭაში
ზემო რაჭაში ცივი კლიმატის გამო ვაზი თითქმის არსად ხარობს, თუმცა “რეგიონულმა კვირამ” ადამიანს მიაგნო, რომელმაც მითი დაამსხვრია, მაღალმთიან სოფელ გლოლაში ყურძნის ახალი ჯიში გამოიყვანა და ვენახი გააშენა. ვაზის ახალ ჯიშს სახელიც თავად შეურჩია და “სულტანი ადრეულა” დაარქვა.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ბავშვობაში მარანში ჩაფლული ქვევრი, რომელიც მრავალ წელს ითვლიდა, მამის თვალწინ გაუტყდა და როგორც თავად, ვანო სულთანიშვილი ამბობს,”მამას ისე ეწყინა, ჯობდა ვეცემე“. ცემას გადარჩენილი პატარა ვანო მამას შეჰპირდა – „ისეთ ადგილას გაცხოვრებ, სადაც ბევრი ვაზი გაიხარებსო“.
„ვენახები სოფელ ხურუთში კი გვქონდა, მაგრამ ჩვენები ოჯახში სულ 36 სული ვცხოვრობდით და 7 წლისა ვიყავი, როცა აქ, გლოლაში დავსახლდით. როგორც იცით, ზემო რაჭაში ვაზი არ ხარობს, არადა მამას ამაზე გული ძალიან სწყდებოდა“, – უყვება “რეგიონულ კვირას” ვანო პაპა.
ვანოს მამისთვის დანაპირების შეესრულება ძალიან უნდოდა, როცა წამოიზარდა მართვის მოწმობა აიღო და სატვირთო მანქანაზე მუშაობა დაიწყო, სადაც მიდიოდა, ყველგან ვაზის ისეთ ჯიშს ეძებდა, რომელიც ზემო რაჭის კლიმატს შეეწყობოდა.
„ერთხელაც თბილისში შევხვდი კაცს, რომელიც 1 აგვისტოს ყურძენს ყიდდა, გამიკვირდა ამ პერიოდისთვის მწიფე ყურძენი, წინა წლისა მეგონა და დავეკითხე. მომიყვა, რომ თურმე გემზე მუშაობდა 5 წელი, ნერგები ერთ-ერთ ქვეყანაში შეიძინა, სახელიც კი არ იცოდა რა ერქვა”, – ამბობს გლოლელი მევენახე.
1980 წელს ვანო პაპამ ნაჩუქარი 25 ნერგი საკუთარ ეზოში, სხვადასხვა ადგილებში ჩარგო, თუმცა ვაზს გახარება და კლიმატთან შეგუება გაუჭირდა. გადაწყვიტა ზოგიერთ ძირისთვის რეზინის მილები სითბოსთვის დაეფარებინა. მისმა ექსპერიმენტებმა გაამართლა, ვაზმა არა მარტო ვანო პაპასთან, მეზობლებთანაც იხარა და ახლა 50-მდე ოჯახს ყურძნის ეს სახეობა ვენახში აქვს. იმის გამო, რომ ყურძენს სახელი არ ჰქონდა, ვანო პაპამ თავისი გვარიდან გამომდინარე “სულტანი ადრეულა“ დაარქვა.
“ერთ დღესაც დასთან, ქუთაისში წავედი სტუმრად, სუფრაზე ბალტიისპირეთიდან ჩამოსული ტურისტები გავიცანი, რომლებსაც გლოლიდან წაღებული ღვინო გავასინჯე,ისე მოეწონათ, ერთი წლის შემდეგ აქ მომადგნენ, კარგად ვაქეიფე, მერე ფული შემომთავაზეს, გავბრაზდი, საქართველოში სტუმრებს ღვინოში ფულს არ ახდევინებენ-მეთქი, ვუთხარი, ბოლოს 10 ლიტრა წაიღეს და 100 ლარი გადამიხადეს“, – იხსენებს ვანო პაპა.
ამის შემდეგ ვანო სულთანიშვილმა ბოთლებში ღვინის ჩამოსხმა დაიწყო და „სულტანი ადრეულა“ ეტიკეტზე დააწერა.
ვანო პაპა, მიუხედავად ასაკისა, თავის ვენახში ახლაც ენერგიულად ფუსფუსებს. გამომშვიდობებისას კი თავის დაწერილ ლექსს კითხულობს და ყანწით საქართველოს სადღეგრძელოს სვამს.
მარინე სვანიძე