როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია – შსს-ს სტრატკომის დეპარტამენტის რჩევები
შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, საზოგადოებას დეზინფორმაციის ამოცნობაში დაეხმარება.
“ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ დეზინფორმაციის ამოცნობაში:
- ინფორმაციის გავრცელებამდე, ყოველთვის გადაამოწმეთ წყარო. დარწმუნდით, რომ ინფორმაცია გავრცელებულია ოფიციალური და სანდო წყაროების მიერ.
- ყურადღება მიაქციეთ ბმულს – ხშირად, ყალბი ამბების გამავრცელებლები, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, იყენებენ სანდო წყაროებთან მიმსგავსებულ ვებგვერდების მისამართებს. ამიტომ,ლ მნიშვნელოვანია, კარგად დავაკვირდეთ ბმულს და დავრწმუნდეთ მის სანდოობაში.
- გადაამოწმეთ ფაქტები – დარწმუნდით სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეში. გადაამოწმეთ ინფორმაცია სხვა წყაროებში.
- გადაამოწმეთ თარიღები- ყალბი ამბების გამავრცელებლები, ხშირად ავრცელებენ ძველ, არარელევანტურ ამბებს, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას. ამიტომ, ყოველთვის გადაამოწმეთ თარიღები და დარწმუნდით, რომ ინფორმაცია არის ახალი.
- ყურადღება მიაქციეთ სათაურს – ხშირად, ყალბი ამბების გამავრცელებლები იყენებენ სენსაციურ სათაურს, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სტატიის ძირითად ტექსტს.
- კარგად დააკვირდით ფოტოებს – ყალბ ახალ ამბებს ხშირად ახლავს ფოტოები, რომლებიც შეიძლება, სხვა ქვეყანაში/სხვა დროს იყოს გადაღებული. დააკვირდით ფოტოებს და შეეცადეთ, იპოვოთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. ასევე, გამოიყენეთ ფოტო-საძიებო სისტემები.
- სრულად წაიკითხეთ ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გააზიარეთ.
*მომზადებულია ევროკავშირში არსებული სტანდარტების მიხედვით : https://bit.ly/3dUFfQX ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.