თარაშ კანდელაკის დედა: ჩემს შვილს არ ვიცავ, დაზარალებულის მშობლებს თანავუგრძნობ, ობიექტური ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს

გორში, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული თარაშ კანდელაკის დედამ – ნინო ყანჩაველმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. ბრალდებულის დედის განცხადებით, მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მისი შვილი საკუთარი რესტორნიდან მარტო გამოვიდა, სხვა დეტალებზე საუბრისგან კი თავს იკავებს, რადგან ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის იმედი აქვს.
„მარტო ის ვიცით, რომ ჩემი შვილი მარტო გამოვიდა თავისი რესტორნიდან, კამერები ხომ არის და არ მინდა, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ჩემს შვილს ვიცავ. არ ვიცავ, იცით რატომ ვართ ჩუმად? იმიტომ რომ დაზარალებული ბავშვის მშობლებს თანავუგრძნობთ. მე მომეწონებოდა ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაში იყოს და ამ დროს მეორე მხარის დედა თავის შვილს ხელს აფარებდეს? სანამ ობიექტური ჭშმარიტება არ დადგინდება, მე ვერ დავიცავ ჩემს შვილს, არ შემიძლია. იმიტომ რომ ის ბავშვი არის ცუდად. მე დედის ლოცვას არ ვკითხულობ ხალხო. მე იმ ბავშვზე ლოცვით ვიწყებ დილას. ის ბავშვი უნდა გამოჯანმრთელდეს, რომ დადგინდეს ჩემი შვილის უდანაშაულობა“, – ამბობს ნინო ყანჩაველი.
ცნობისთვის, გორში ახაგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ თარაშ კანდელაკს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დაცვის მხარის შუამდგომლობა, 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები