სოფელ კვალითში განახლებული საავტომობილო გზით 2000 – ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს
ზესტაფონის მერიის დაკვეთით, სოფელ კვალითში, მიმდინარე წელს ორი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. კეთილმოეწყო სოფლის ცენტრალური და ბირბიჩაძეების საუბნო გზები. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, რომლითაც ყოველდღიურად 2000 – მდე ადამიანი სარგებლობს დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, გზის ზედაპირის აღდგენის შემდეგ, ამჟამად, სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტის საფარი გზის 1600 მეტრიან მონაკვეთზე დაიგო. რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა და მისი ღირებულება 555 555 ლარია.
რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა ბირბიჩაძეების საუბნო გზის რეაბილიტაციაც. საუბნო გზა ბეტონის საფარით მოეწყო. პროექტზე 151 111 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე სამუშაოები სოფელ კვალითში ზესტაფონის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან -ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა.
„მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, მუნიციპალიტეტში ექვსი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია უკვე განვახორციელეთ. გზის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია სოფელ ალავერდში, მარტოთუბანში, დილიკაურში, პირველ სვირში. სოფელ კვალითში ორი მასშტაბური გზის რეაბილიტაცია მოხდა. მოეწყო სოფლის ცენტრალური და ბირბიჩაძეების საუბნო გზები. უახლოეს პერიოდში სხვა მასშტაბური პროექტები დაიწყება ზესტაფონში. რეაბილიტაცია როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ცენტრალურ საავტომობილო გზებს ჩაუტარდება. წლის პროექტთა შორისაა აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ასევე კვალითის დასახლებაში მელქაძისა და შათირიშვილის ქუჩების აღდგენა. სოფელ ტყლაპივაკის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. მასშტაბურ პროექტებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს“, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა.