კელი დეგნანმა გორის ციხე დაათვალიერა და მის ისტორიას გაეცნო
ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გორში ვიზიტის ფარგლებში გორის ციხეზე იმყოფებოდა, სადაც გორელი კერამიკოსის – გივი ტატულაშვილის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა და ადგილობრივი წარმოების ღვინოები, ნატურალური წვენები და ხილის ჩიპსები დააგემოვნა.
კელი დეგნანი ელჩის სტატუსით საქართველოში 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა და საქართველოს რეგიონებიდან პირველად გორის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალ ელჩს ოფიციალური პირებიდან პირველად გორის მერმა- კონსტანტინე თავზარაშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მერმა ამერიკის მიერ გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი და გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და სიმბოლური საჩუქრებიც გაცვალეს.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი, აგრეთვე, შეხვდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს – გიორგი ხოჯევანიშვილს, მოინახულა კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი, დაესწრო USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორების შეკრებას, შეხვდა საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის მოხალისეებს და მათთან ერთად დაურიგა მოსახლეობას სურსათი და სხვა საჭირო ნივთები.
ბოლოს, ელჩმა გორის ციხე დაათვალიერა და მის ისტორიას გაეცნო.