მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

 

საპარლამენტო ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული ინიციატივით, მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებს ახალი კატეგორია ემატება. ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება მარიამჯვრის მოსაზღვრე, საგარეჯოს ტყის 4935,8 ჰა ტერიტორიას.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობებზე, ქ. საგარეჯოს და სოფ. გიორგიწმინდის ჩრდილოეთით საზაფხულო აგარაკებამდე (კოდა, ცივი) და ცივგომბორის ქედის ჩრდილოეთი ექსპოზიციის მდინარე კისისხევის სათავეების მიმდებარე ტერიტორიაზე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მოსაზღვრედ. აღნიშნული ტერიტორია მარიამჯვრის ნაკრძალს ესაზღვრება დასავლეთის, ჩრდილო და ჩრდილო აღმოსავლეთის მხრიდან.

“საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან ბიოგეოგრაფიულ ერთეულს და ზურმუხტის ეკოლოგიურ ქსელში შედის. ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი სახეობები მაღალმთის მუხა, უთხოვარი და სხვა. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან წარმოდგენილია მურა დათვი და იშვიათად გვხვდება კეთილშობილი ირემი.

ტერიტორიას მნიშვნელოვანი ეკო-ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რომლის განვითარების შემთხვევაშიც ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება მოინახულოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მოხვდეს სხვადასხვა ტურისტულ პუნქტებში –  თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემში.

აღნიშნული ფართობების მდგრადი განვითარების ერთ-ერთ გზას მისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს რაც,  პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალ – ეკონომიკურ განვითარებას”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლანდშაფტებს მეტად დიდი გარემოსდაცვითი, რეკრეაციული, თუ სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.  საპროექტო ტერიტორიის შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთ გზას მისთვის პარკის კატეგორიის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება და აქ წარმოდგენილი ეკოსისტემების შესაბამისი კატეგორიის რეჟიმში ფუნქციონირება და განვითარება წარმოადგენს, რაც უდავოდ, პირველ რიგში ხელს შეუწყობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალ – ეკონომიკურ განვითარებას”,- აღნიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა.

მარიამჯვრის ნაკრძალის გაფართოების ინიციატივა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოიშვა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ერბოწონაშვილმა და  მაჟორიტარმა დეპუტატმა – რომან მუჩიაშვილიმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.  განხორციელდა ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრები და გეგმების გაზიარება. ყველამ ერთხმად მოიწონა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივა და მხარი დაუჭირა ამ მართლაც საშვილიშვილო საქმის შემდგომ მსვლელობას.​”,-განაცხადა მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორმა, ზვიად ტიგინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები