ამერიკის ელჩი გორის მერს შეხვდა
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისის გარეთ პირველი ვიზიტი გორში განახორციელა და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდა.
,,ჩემი პირველი ვიზიტი თბილისის გარეთ, საქართველოს რეგიონებში გორის მუნიციპალიტეტში განვახორციელე. მოხარული ვარ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გორთან კვლავაც აქტიურად გაგრძელდება“ – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რომელსაც დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მერმა ამერიკის მიერ გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო სტუმარს და ამერიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის ბოლოს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და სიმბოლური საჩუქრებიც გაცვალეს.