“ბოლო ზარი” ლეჩხუმურად – ცაგერის ახლადმოწყობილ სკვერში მეთორმეტეკლასელებმა პერფომანსი გამართეს

“ბოლო ზარი” ლეჩხუმურად ანუ როგორ აღვნიშნოთ სკოლის დამთავრება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ისე რომ ჯანდაცვის სამინსიტროს რეკომენდაციები და მთავრობის რეგულაციები არ დავარღვიოთ. ცაგერის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა ეს მოახერხეს და სკოლის დამთავრება კეჭნარის ახლადმოწყობილ სკვერში აღნიშნეს.

კურსდამთავრებულებმა პედაგოგებსა და მშობლებს სახალისო პროგრამა აჩვენეს, თუმცა არც თავად დარჩნენ სიურპრიზის გარეშე. მათმა დაწყებითების მასწავლებელმა მოსწავლეებს ის სურვილების კონვერტები აჩვენა, რომელიც უკვე აბიტურიენტებმა ჯერ კიდევ პირველ კლასში დაწერეს.

ელენე მუშკუდიანი ერთ-ერთი კურსდამთავრებულია. “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ემოციებს ვერ მალავს და ამბობს, რომ პანდემიის პირობებში, მათ შეძლეს და “ბოლო ზარი”, რომელიც ყველას მხოლოდ ერთხელ აქვს ცხოვრებაში, ყველა რეკომენდაციის დაცვით აღნიშნეს.

„ბოლო ზარი განსაკუთრებული დღეა, ცხოვრებაში ერთხელ მოდის. დიდი ხანი ვემზადებოდით, პანდემიამ ცოტა დაგვაბნია, მაგრამ მგონი, კარგი გამოგვივიდა. შესანიშნავად ვიმხიარულეთ და რეკომენდაციებიც არ დაგვირღვევია. გილოცავთ ჩემო კლასელებო, სკოლის დასრულებას“, – ამბობს ელენე მუშკუდიანი.

ცაგერის საჯარო სკოლა წელს 22-მა მოსწავლემ დაამთავრა. როგორც სკოლის დირექტორის მოადგილე შორენა ხეცურიანი ამბობს, კურსდამთავრებულთაგან 2 – ოქროს, ხოლო 4 ვერცხლის მედალის კანდიდატია.
„განსაკუთრებული და ორიგინალური მეთორმეტე კლასელები გვყავდნენ, პანდემიამ გეგმები აურიათ, მაგრამ დღეს ამ ახლადგალამაზებულ სკვერში ყველას, მათ შორის ჩვენც, პედაგოგებს, სიურპრიზი მოგვიწყვეს, ერთმანეთსაც მოეფერნენ, მასწავლებლებს და სკოლასაც დაემშვიდობნენ, ყველანი გაგვახარეს, მინდა მათ კარგი მომავალი ვუსურვო“, – თქვა შორენა ხეცურიანმა “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები