ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ტყიბულში, “მინდელის” შახტაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტთა ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს ჯგუფი უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლის, რის შემდეგაც დასკვნას გამოაქვეყნებს.
“ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტექნიკური ინციდენტის შედეგად, რომელიც შახტის ერთ-ერთი ლიფტის ავარიულ გამორთვას უკავშირდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა ტყიბულში ადგილზე ვითარების შესასწავლად. სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს, რომლის შედეგადაც მომზადდება დასკვნა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იქნება გატარებული”, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დღეს ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ და “მინდელის” შხტაში მუშაობაზე უარი თქვეს. პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი 2 დღის წინ მომხდარი ტექნიკური ავარია იყო. მეშახტეები დამსაქმებელი კომპანიისგან ასევე ხელფასების ზრდას და უსაფრთხო გარემოს შექმნას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს კომპანიის ადმინისტრაცია შეხვდა. 3-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.