“ხატვისთვის საჭირო საღებავების და ტილოების შესაძენად სისხლიც ჩამიბარებია“- 27 წლის თვითნასწავლი მხატვარი რუსთავიდან

27 წლის ნიკუშა ძამიაშვილი თვითნასწავლი მხატვარია. ის რუსთავში ცხოვრობს. როგორც ახალგაზრდა ხელოვანი “რეგიონულ კვირას” უყვება, ჯერ კიდევ მეორე კლასში იყო, როდესაც დედამ პატარა გამოფენა გაუკეთა და მისმა ნახატებმა კლასელი გოგონას მოწონება დაიმსახურა. ეს კი მისთვის დიდი სტიმული გახდა და ახალგაზრდა მხატვარმა გულის სათქმელი პოეზიაში და მხატვრობაში გადაიტანა.

ნიკუშას ფინანსურად უჭირს, შემოსავალი არსაიდან აქვს, ათასში ერთხელ გაყიდული ნახატის საფასურს თუ არ ჩავთვლით – „რაც შეგნებული ცხოვრება დავიწყე, მას შემდეგ ვუწოდებ ჩემს თავს მხატვარს. ბევრი განსაცდელი გამომივლია. იმისთვის, რომ სამხატვრო ტილო და სხვა ინვენტარი მეყიდა, სისხლიც ჩამიბარებია. იმ მომენტში არ მიფიქრია საკვები მექნებოდა თუ არა, მთავარი იყო ტილო და საღებავები მეყიდა“ , – ამბობს ის.

ახალგაზრდა მხატვრის მთავარი მიზანი საკუთარი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.  დიდი სურვილი აქვს, მისი შემოქმედება სამხატვრო გალერეაში მოხვდეს, რათა ნახატებმა თავიანთი სათქმელი თქვან.

„პირველები ხართ ვინც შემამჩნია, მადლობა დაფასებისთვის. ძალიან მინდა, ჩემი ადგილი ვიპოვო და არათუ უფასოდ დამითმონ სივრცე, არამედ თვითონ დამპატიჟონ გალერეებმა და მუზეუმებმა. მინდა, ნახატების ნაწილი გაიყიდოს , თუმცა ისეთი ნახატებიც მაქვს, რომლებსაც ვერაფრის სანაცვლოდ დავთმობ. ჯობია, ისევ კერძო კოლექციაში მქონდეს, ვიდრე კაპიკებში გავყიდო “, – გვიმხელს ნიკუშა.

“ბოლო აციმციმებამდე“- ასე დაარქვა ნახატს, რომელიც სურს  მსოფლიომ ნახოს – “ამ ნახატში ჩავდე მთელი ჩემი ცხოვრება. ერთი მიზანი მაქვს – მინდა, ჩემი ნამუშევარი ისეთ მუზეუმებში მოხვდეს, როგორიცაა: “museum of modern art” , “agora” და “ the metropoliten museum of art “. მე კი მათთან ახლოს ბორდიურზე დავჯდებოდი და იქამდე გავათენებდი ღამეებს, ვიდრე ვინმე არ შემამჩნევდა. შეიძლება მე ვერ შევძლო მოგზაურობა, მაგრამ მჯერა და მწამს, რომ ეს ნახატი თავისას იყვირებს “, – ამბობს თვითნასწავლი მხატვარი.

 

მარიამ გიორგაშვილი

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები