ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა

ტყიბულში გაფიცული მეშახტეებისა და ადმინიტრაციის შეხვედრა დასრულდა. თითქმის 3 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა მეშახტეების თქმით, ვიდრე ეკონომიკის სამინსიტროს სპეციალური სამსახური დასკვნა არ დადებს, შახტაში მუშაობას არ გააახლებენ.
კომპანია „ქოალ იფ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მიხაილ სოცკის განცხადებით, 2 დღის წინ მომხდარი ინციდენტი უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა იყო. კომპანიის დირექტორი მომხდარზე პასუხისმგებლობას მეშახტეებს აკისრებს.
„მეშახტეებმა უხეშად დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები. დასაქმებულებმა ორი საათით ადრე გადაწყვიტეს შახტიდან ამოსვლა, ისე რომ არავინ გააფრთხილეს, იმ დროს კი ე.წ დამხმარე ჭაური გადართული იყო ტვირთის გადაზიდვის რეჟიმზე, რამაც გამოიწვია ინციდენტი. შახტებში ტექნიკური გადაიარაღების თვალსაზრისით სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ საწარმოს გენერალურმა დირექტორმა.
შახტაში არსებულ ვითარებას ტექნიკური ზედამხედველობის სპეციალური ჯგუფი შეისწავლის.
ათასამდე მეშახტემ, დღეს სამუშაო პროცესზე უარი განაცხადა. ისინი უსაფრთხოების ზომების დაცვასა და ხელფასების მომატებას მოითხოვენ. პროტესტი ორი დღის წინ მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია.
„ორი დღის წინ ლიფტი გაიჭედა, სადაც 22 მეშახტე მუშაობდა, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ უბედურ შემთხვევას. ჩვენ ადმინისტრაციას დაპირებული წესების შესრულებისკენ მოვუწოდებთ. ვითხოვთ ხელფასების გაზრდას და უსაფრთხოების ნორმების დაცვას“, – განუცხადა „რეგიონულ კვირას“ მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ.
აღსანიშნავია, რომ შახტაში დასაქმებულები მათი მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას გამორიცხავენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები