სიღნაღის სასამართლომ დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი წინასწარ პატიმრობაში დატოვა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გიორგი ჭინჭარაული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა , გამოყენებული ყოფილიყო გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით, არ გაითვალისწინა.
სასამართლო პროცესზე ინციდენტი თავად ბრალდებულმაც გაიხსენა. ჭინჭარაულის თქმით, მაღაზიაში დისშვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც თანასოფლელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„ბავშვთან ერთად ვიყავი მაღაზიაში. ამ ბიჭებთან სულ კარგი ურთიერთობა მქონდა. შემოვიდა ერთ- ერთი ძმა, გაგა ჭინჭარაული და მომმართა ძალიან აგრესიულად. გვარი დამისახელა სოფელში, ბიჭების. რას დადიხარ იმათთანო. ვუთხარი, საჯარო მოხელე და საკრებულოს წევრი ვარ, ვალდებული ვარ, ყველასთან ვიურთიერთო -მეთქი. ისეთი აგრესიული იყო, ბავშვი სახლში გავუშვი. მისი ძმაც გადმოვიდა მანქანიდან. ორივე შარზე იყო და არ ვიცი, რატომ. მეორემაც შემაგინა და წავიდა ხელჩართული ბრძოლა. მე დანის ხმარება რომ მდომოდა, მაშინვე დავჭრიდი. მცემეს, გამიგდეს წიხლქვეშ. ამის მერე სახლში წავედი. მეორე დღეს სხდომა უნდა გვქონოდა საკრებულოში. გავედი სახლიდან, დავით ალუღიშვილთან უნდა მივსულიყავი, საკითხების გასავლელად. გზაში შემხვდნენ ისევ და ჩვენს შორის ჩხუბი 10- 15 წუთი გაგრძელდა. თავდაცვისა და მოგერიების მიზნით ვიხმარე დანა”,- აღნიშნა გიორგი ჭინჭარაულმა.
ჭინჭარაულს ბრალი გუშინ დაუმძიმდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს წევრს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. შემთხვევა 7 ივნისს, ღამის საათებში მოხდა, არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გიორგი ჭინჭარაულმა 2 მოგვარე ცივი იარაღით მას შემდეგ დაჭრა, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.