მეთუნე კახეთიდან და მე-16 საუკუნის ჩარხზე სპეციალურად „რეგიონული კვირისთვის“ დამზადებული ჭურჭელი

რამაზ გახუტიშვილი თიხის ჭურჭელს 25 წელზე მეტია ამზადებს. როგორც თავად გვიყვება, მისი საქმიანობის საიდუმლო ტრადიციებშია. 4 საუკუნის წინანდელი ფეხის ჩარხზე ფიალა სპეციალურად „რეგიონული კვირისთვის“ გააკეთა და აქვე დაამატა – “რელიქვიად აღიარებულ ჩარხზე სასმისის დამზადებას დიდი ისტორია აქვს”.
„ჩარხი არის უძველესი, 4 საუკუნის წინანდელია, მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ღერძი დამზადებულია ბზისგან, ფეხის სატრიალებელი ბორბალი კი კაკლის მასალისგან. მეამაყება, რომ ეს ჩარხი ერთმა ძალიან კარგმა პიროოვნებამ მაჩუქა, როცა გაიგო ვეძებდი და მჭირდებოდა. მას შემდეგ ბევრმა მომაკითხა, რომ დამეთმო მათთვის, მათ შორის მუზეუმებიდან, მაგრამ ეს ჩემთვის რელიქვიაა, ვერანაირ ფასად ვერ დავთმობ“, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას მეთუნე.
რამაზ გახუტიშვილი თიხის ჭურჭელს 1991 წლიდან ამზადებს და მისი თქმით, მეთუნეობა დღესაც მისი საყვარელი სფეროა, სადაც ის თავის ფანტაზიას და სურვილს ერთ ტრადიციულ სასმისში გამოკვეთს. ამბობს, რომ თუ არა ამ საქმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, სიყვარული და მოთმინება, ამ საქმიანობაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
იყალთოს სასწავლებელში 2 წელი ვისწავლე და 8 წელი ოსტატად ვიმუშავე. ამ საქმიანობაში უნდა გქონდეთ სიდინჯე, ამ ხელობას არ უყვარს სიფიცხე, მხოლოდ ინტერესი, ხედვა და სიყვარულია საკმარისი, რომ წარმატებული გახდე“, – განმარტავს გახუტიშვილი.
ქუსლიანი ჩარიქა – გაცოცხლებული წარსული, ხელადა, ბუთხუზა დოქი, ფიალა, ხელჩაფა, მაწვნის ქილა, ქვევრი, კეცი – ეს იმ ტრადიციული ჭურჭლის მცირე ჩამონათვალია, რასაც რამაზ გახუტიშვილი ყველაზე ხშირად ამზადებს. ამბობს, რომ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს ყველაზე მეტად ეს ნივთები სწორედ მისი ტრადიციულობიდან გამომდინარე აინტერესებთ.
მასტერკლასებს ვატარებ ხოლმე ტურისტებისთვის, 3 დღეც ყოფილან გადაბმულად, ძალიან აინტერესებთ ხოლმე. 2-3 დღეში ვერ ისწავლიან, მაგრამ სიამოვნებთ ყურება და პროცესში მონაწილეობა. ტრადიციული ნივთები მეტად აინტერესებთ, ორნამენტებითა და ფიგურებით მოხატული“, – ამბობს მეთუნე .
რამაზ გახუტიშვილის თქმით, ის ერთადერთი მეთუნეა, ვინც ჭურჭელს და სხვადასხვა მოხმარების ნივთებს ძველი ტრადიციებით, ფეხის ჩარხით ამზადებს და უკვე დამზადებულებს ასევე ტრადიციულად შეშის ღუმელში წვავს. მეთუნე მონაწილეობას იღებს სხვადსხვა დღესასწაულებზე – ნივთების გამოფენა-გაყიდვით და ტურისტებისთვის მასტერკლასებს ატარებს.

სალომე გრძელიშვილი

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები