„არ არსებობს ბორცვი და მთა, სადაც წმინდა გიორგის ტაძარი არაა აგებული“-ცაგერში, ჩქუმის ტაძარში ლომისობა აღნიშნეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში, 2 წლის წინ, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი აშენდა. ტაძარი ამავე სოფლის მკვიდრმა, ბიზნესმენმა, ვალოდია თუთისანმა თავისი ხარჯით ააგებინა და პატრიარქის კურთხევით,თუთისანების გვარის ისტორიიდან გამომდინარე, ლომისის წმინდა გიორგის სახელი უწოდა.
” 2 წელია, რაც ჩვენს სოფელში ლომისობას აღვნიშნავთ, რადგან ტაძარს, რომლის მშენებლობა 2016-2018 წლებში მიმდინარეობდა, ლომისის წმინდა გიორგის სახელი ეწოდა. სამონასტრო კომპლექსში 24 საათიანი წირვა-ლოცვები მიმდინარეობს, აქ მამათა მონასტერი და სასულიერო სემინარიაცაა განთავსებული. კომპლექსის აშენებამ ჩვენს ხეობაში მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტთა და ვიზიტორთა რაოდენობა. ამ დღესასწაულს მარტო ლეჩხუმელები არ აღვნიშნავთ. ვულოცავ ლეჩხუმს და საქართველოს დღევანდელ დღეს“,-ამბობს „რეგიონულ კვირასთან” სოფლის მკვიდრი, საკრებულოს წევრი, ალუდა თუთისანი.
სხვა სასულიერო პირებთან ერთად, წირვაზე თბილისის, ვაკის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი – მამა შალვა კეკელია იმყოფებოდა.
“საოცარი დღეა, ამ დღეს არა მარტო მლეთაში და ჩქუმში, არამედ მთელ ქვეყანაში აღნიშნავენ. არ არსებობს ბორცვი და მთა, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ იყოს აგებული. მე პირველ რიგში, სამადლობელს ვეტყვი ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მწყემსმთავარს – მეუფე სტეფანეს მოწვევისთვის, ჩემს დღევანდელ სტუმრობას ასევე ვუმადლი ამ ტაძრის ამშენებელს – ვალოდია თუთისანს,რომელმაც კომპლექსის აშენებით საოცარი საქმე გაუკეთა არა მარტო ამ კუთხეს, არამედ სრულიად საქართველოს. მინდა, დაგლოცოთ, ღვთის კურთხევა, წყალობა და მადლი არ მოაკლდეს ჩვენს საქართველოს“,-განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
წირვა-ლოცვას ცაგერის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი გუგავა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – არჩილ ჯაფარიძეც ესწრებოდნენ.
მხარის რწმუნებულმა ლომისობის დღესასწაული ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლს მიულოცა.
“მივესალმები და ვულოცავ ლეჩხუმსა და სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს . ჩვენ ვიმყოფებით მხარეში,სადაც აღმშენებლობის პროცესები მიმდინარეობს და ვემზადებით კიდეც ახალი ტურისტული სეზონისთვის“,-განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
ჩქუმის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა – მეუფე სტეფანემ, სამღვდელო დასთან ერთად აღავლინა.
მარინე სვანიძე