ერეკლე თედლიაშივილის ოჯახის უფლება დამცველი: ამ ეტაპზე გამოძიების მიმართ უნდობლობის საფუძველი არ გვაქვს
გორში, რესტორან ” ჟოზეფის ” მიმდებარე ტერიტორულიაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშივილის ოჯახის უფლება დამცველის თამარ თედლიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე დაზარალებულ მხარეს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების სისწორეში ეჭვი არ ეპარება. ადვოკატის თქმით, თავად ერეკლე თედლიაშვილის ოჯახისთვისაც უცნობია, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.
“ამ ეტაპზე გამოძიების მიმართ უნდობლობის საფუძველი არ გვაქვს. თუ რაიმე უნდობლობის მომენტი გაჩნდება, განცხადებას გავაკეთებთ აუცილებლად. მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულს ამ ეტაპზე ბრალი არ აქვს წარდგენილი და დაველოდებით გამოძიების შემდგომ ნაბიჯებს და ჩვენთვის ,რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი არის ერეკლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა.საქმის მასალები ჯერ დაცვის მხარესაც არ წარდგენია, რადგან დაკავებულ პიროვნებას ბრალი არ აქვს წარდგენილი”, – თქვა თამარ თედლიაშვილმა.
ცნობისთვის, 8 ივნისს გორში ახალგაზრდებს შორის მომხარი დაპირისპირების შედეგად 18 წლის ბიჭმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. იგი ამ დროისთვის თბილისში, “ ჯერარსის“ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვზე რჩება.
შეგახსენებთ, პოლიციამ გორში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული თ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან “ჯოზეფში”, 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.