“ჯუმათი 2014”, პანდემიის პერიოდში, 100 ტონაზე მეტი დაფნის გადამუშავებას გეგმავს
საწარმო “ჯუმათი 2014”, რომელიც ჩხოროწყუში მდებარეობს, პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობს. დაფნის საწარმო სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდა და წელს 100 ტონაზე მეტი ნედლი დაფნის ფოთლის გადამუშავებას აპირებს.
საწარმო 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული, ის უკრაინის და ჩინეთის ბაზარზე გადის.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოს ასაშენებლად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მეწარმე ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გრანტის სახით სახელმწიფოსგან 376 000 ლარით დაფინანსდა. „ჯუმათი 2014″- ს სამეგრელოში, გურიასა და იმერეტში 600-მდე ბენეფიციარი ჰყავს, კომპანია მათი მცირე საოჯახო მეურნეობიდან დაფნის ნედლ და ხმელ ფოთოლს იბარებს. საწარმო ჩხოროწყუში 2019 წელს ამოქმედდა და იქ 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
დაფნის საწარმოს “ჯუმათი 2014” სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ესტუმრა. საწარმოში პანდემიის პერიოდში არსებულ სამუშაო პროცესს და კომპანიის გეგმებს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები, პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, ჩხოროწყუს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გაეცნენ.