დმანისში 9 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა
ქალაქი დმანისსა და რვა სოფელს – დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ტნუსი, ქცია, ვარდისუბანი, იაღუფლო, მაშავერა და პანტიანი – მაღალმთიანი დასახლებების სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დმანისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დასახლებებისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების ინიციატივა დმანისი-წალკის მაჟორიტარ-დეპუტატს კახა ოქრიაშვილს ეკუთვნის.
“2018 წლის 26 ნოემბერს, კახა ოქრიაშვილმა „მთის საბჭოს“ სხდომაზე პირველად დააყენა საკითხი, დმანისის მუნიციპალიტეტის ცხრა დასახლებისთვის მათალმთიანის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნული ინიციატივა მან არაერთხელ გააჟღერა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო ტრიბუნებიდან და დღეს, ე.წ. მთის კანონში ცვლილებები უკვე შეტანილია. კახა ოქრიაშვილის ინიციატივამ კანონის სახე მიიღო და შესაბამისად, ამ ცხრა დასახლებაში მცხოვრები დამატებით 5 733 ადამიანი მთელი რიგი სახელფასო და სოციალური შეღავათებით ისარგებლებს”, – ნათქვამია დმანისის მერიის განცხადებაში.