ჩხოროწყუში, ქართული ჩაის პროგრამის დახმარებით, 53 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოში, რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციებს და კრეფის პროცესს გაეცნო.
როგორც “რეგიონულ კვირას” რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შ.პ.ს. ,,კოლხი 2018″-მა ქართული ჩაის პროგრამის დახმარებით, 53 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაცია მოახდინა. კრეფის პროცესში 50 ადგილობრივია დასაქმებული და მათი დღიური ანაზღაურება 35-დან 50 ლარამდეა.
ალექსანდრე მოწერელია ასევე იმყოფებოდა სოფელ ლესიჭინეში მეღვინეობა ,,ხარებას” სანერგე მეურნეობაში, სადაც ვაზის კოლხური ჯიშებია მოშენებული. სახელმწიფო რწმუნებულმა კოლხური ღვინის პოპულარიზაციასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ჩვენ დღეს ვიმყოფებით სოფელ ლესიჭინეში, ეს არის ერთ-ერთი უძველესი კერა მევენახეობის. სასიხარულოა, რომ კომპანია „ხარებამ” გააშენა ძველი კოლხური ჯიში „ოჯალეში”, კოლხური „საფერე” და ასევე გაშენებული აქვთ სხვადასხვა ლოკაციებზე ენდემური ჯიშები. მეღვინეობა ერთ-ერთი უძველესი დარგია ჩვენი რეგიონისთვის. მისასალმებელია, რომ სწორედ აქ დაიწყო ამ უძველესი დარგის აღორძინება. მე მინდა, ასევე, მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, ვინც დაინტერესებულია მევენახეობა- მეღვინეობის განვითარებით , სამეგრელო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ მხრივ და უფრო მეტი დაინტერესება გამოიჩინონ”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
სახელმწიფო რწმუნებული მუხურში ხარების საფუტკრე მეურნეობასაც გაეცნო, რომელიც ბიოთაფლზე მუშაობს.