სოფელ გეტაში PCR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის შემოწმება ჩატარდა
სოფელ გეტას საკარანტინო ზონაში კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა 16 მაისს დაფიქსირდა, ორი საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე დღეში მთავრდება. სოფლის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, დღეს ეპიდემიოლოგებმა PCR ტესტირების მეთოდით, სამიზნე ჯგუფებიდან 35 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. წითელ ზონაში ასევე მასობრივი თერმოსკრინინგიც განხორციელდა.
“აღებული ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, სწორედ ამ პასუხებზეა დამოკიდებული, უახლოეს დღეებში, სოფელ გეტასთვის საკარანტინო სტატუსის მოხსნის საკითხი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გეტას გარდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, სოფელი მუშევანია ჩაკეტილი. ამ ეტაპისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა, 114 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.