ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროება: საქართველოს სამივე მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრულია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გალთან 6 ივნისს დაკავებული, საქართველოს სამი მოქალაქის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

ე.წ. უწყების ცნობით, 1990 წელს დაბადებული კვირკვია ბუთხუზი, 1987 წელს დაბადებული ლამანძია მიხეილი და 1992 წელს დაბადებული ლამანძია მათე ე.წ.სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის არიან დაკავებულები.

ინფორმაციის მიხედვით, სამივეს წინააღმდეგ აღძრულია ე.წ. სისხლის სამართლის საქმე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის 324-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც “პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას” გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

ცნობისთვის, საქართველოს სამი მოქალაქე სოფელ ფახულანის ლანჯისის უბანსა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას ადმინისტრაციულ საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები