დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ბრალდება წარედგინა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გ.ჭ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს შს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 7 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში გ.ჭ.-ს მისივე თანასოფლელებთან, ძმებთან გ.ჭ.-სთან და მ.ჭ-სთან შელაპარაკება მოუხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. აღნიშნულის შემდეგ გ.ჭ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა მოგვიანებით მომხდარის შედეგად განაწყენებულმა, შურისძიების მიზნით გ.ჭ.-ს და მ.ჭ-ს დაუწყო ძებნა, რის შემდეგაც მათ შორის კვლავ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც გ.ჭ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გ.ჭ.-ს და მ.ჭ-ს გულმკერდის და მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. გ.ჭ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ მიმართა სასამართლოს გ.ჭ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.