სუსი სოფელ ფახულანიდან გატაცებული სამი მოქალაქის შესახებ განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 6 ივნისს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფახულანში დაკავებული 3 მოქალაქის გათავისუფლებისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს.
„მიმდინარე წლის 6 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ სამი პირი დააკავეს.
უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით.
საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – ნათქვამია სუსის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
დღესვე, დე-ფაქტო სოხუმმა გააავრცელა განცხადება, რომ დაკავებულების მიმართ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, მიმდინარეობს გამოძიება.
როდის გათავისუფლდებიან უკანონოდ დაკავებულები, ჯერ – ჯერობით უცნობია.