თორნიკე რიჟვაძე: მიუხედავად პანდემიისა, აჭარაში “3 ქალაქის” მშენებლობის პროექტი და არსებული საინვესტიციო გარემო პოზიტიურ დინამიკას ქმნის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. როგორც “რეგიონულ კვირას” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, რიჟვაძემ ხაზი გაუსვა რეგიონში სამი ქალაქის მშენებლობის მნიშვნელობას და მიუხედავად კორონავირუსისგან შექმნილი გამოწვევებისა, ამ პროექტების მიმდინარეობის დინამიურობას.

“ვამაყობ, რომ ​ პანდემიის მიუხედავად, არ გვაქვს გაჩერებული პროექტები. ჩვენ არ გაგვიჩერებია იმ სამი ქალაქის მშენებლობა, რომელიც დავიწყეთ დაახლოებით ერთი წლის წინ. ეს არის განათლების და მეცნიერების ქალაქი, რომელსაც, იმედი მაქვს, წლის ბოლოს დავასრულებთ. ასევე იცით, რომ “ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დავიწყეთ თებერვლის თვეში და მშენებლობა არც ერთი დღით არ გაჩერებულა. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო საინვესტიციო პროექტი – „მწვანე ქალაქი“ ქობულეთში. ყველა სანებართვო პროცედურა უკვე გავლილია და ამ ზაფხულს ძალიან მასშტაბურად დავიწყებთ სამუშაოებს. ეს პროექტი იქნება უპრეცედენტო როგორც ინვესტიციების მოცულობით, ასევე დატვირთვით და ტურისტული მნიშვნელობით“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონში განხორციელებული ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თორნიკე რიჟვაძემ მყარი ნარჩენების მართვის პროექტზეც ისაუბრა, რომლის ობიექტის მშენებლობაც მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 7 მილიონ ევროს შეადგენს.

ამასთან, აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტიც მიმდინარეობს, რომლითაც აჭარაში მცხოვრები 215 000 აბონენტი ისარგებლებს. პროექტის ბიუჯეტი 60 მილიონი ევროა და აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. აქტიურად მიმდინარეობს ასევე ბათუმის საფეხბურთო სტადიონის, ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ჩაქვში კი ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის პროექტის განხორციელება დაიწყო. საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, კრიზისულ ეტაპზე აჭარაში არაერთი ინიციატივა განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები