კომპანია “აგარის შაქარმა“ მუშაობა განაახლა

კომპანია „აგარის შაქარმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა. საწარმო სახელმწიფოსგან მხარდაჭერის პაკეტით ისარგებლებს, რაც ბუნებრივი აირის მიწოდებასა და სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფზე შეღავათებს გულისხმობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ – ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ – გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, ქარხანაში განახლებული სამუშაო პროცესი დაათვალიერა და სამომავლო გეგმებს ადგილზე გაეცნო.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობას, როგორც კონკრეტული რეგიონის, ისე მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით პანდემიის გამო არსებული ეკონომიკური ვითარების პირობებში.

“აგარის ქარხნის მიერ წარმოებული ქართული შაქარი დაახლოებით 50%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ შაქარს, რაც მნიშვნელოვნად აისახება ფასებზეც. ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, საქართველოსთვის და ადგილობრივი წარმოების შემდგომი აღორძინებისთვის. ასევე, ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ყველა გლობალურ პანდემიას ებრძვის. საქართველოც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეკონომიკურად, მაგრამ ჩვენთვის, მთავრობისთვის ეს არის საფუძველი, რომ გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და ასეთი ქართული წარმოებები ამ დღეებში სულ უფრო მეტი გაიხსნება, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვშრომობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასეთი მასშტაბური ადგილობრივი წარმოება საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე მეტად ხელმისაწვდომი ფასები იყოს.

„შაქარზე ფასების კლება ნელ-ნელა დაწყებულია და ახლა, ასეთი მასშტაბური ადგილობრივი წარმოება რომ გვექნება, ეს საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე მეტად ხელმისაწვდომი ფასები იყოს. გარდა ამისა, აგარის შაქრის წარმოების განახლებით დასაქმდა 500 ადგილობრივი, რაც კიდევ ერთი დიდი სარგებელია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენლის, ნიკოლოზ ნათბილაძის ინფორმაციით, ქარხანა მთელი წლის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს და 60-65 ათას ტონამდე შაქრის წარმოებას გეგმავს, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები