ქუთაისის მერიაში “ლეიბორისტების” მოთხოვნებს პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებენ
ქუთაისის მერია „ლეიბორისტული პარტიის“ განცხადებას, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების საკითხთან დაკავშირებით, გამოეხმაურა და პარტიის წარმომადგენლების მოთხოვნებს პოლიტიკური სპეკულაციები უწოდეს. სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ფიქრია ხაჭაპურიძის განცხადებით, თვითმმართველობა ქუთაისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმარა.
„ლეიბორისტული პარტიის“ განცხადება პოლიტიზირებულია და ემსახურება ქულების მოპოვებას. ქუთაისის მერია, კორონავირუსის პანდემიის პირობებში შეძლებისდაგვარად დაეხმარა ქუთაისში რეგისტრირებულ და მცხოვრებ მოქალაქეებს. კერძოდ, სასურსათო ამანათები რამდენჯერმე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, სამამულო ომის და შშმ ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. საკვები პროდუქტები მიიღო ბაგა-ბაღების 8500 აღსაზრდელმა. უშუალოდ მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურიდან სააღდგომო ნობათი მიიღო 2750 სოციალურად დაუცველმა ოჯახმა.
გარდა ამისა, ქუთაისის „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარები საცხოვრებელ ადგილებზე იღებდნენ იმ პროდუქტებს, რაც „მადლიერების სახლის“ სასადილოში მათთვის სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი. იმ ბენეფიციარებისთვის(60-მდე ადამიანი), რომლებსაც დამოუკიდებლად არ შეეძლოთ სადილების შინ მომზადება, ყოველდღიურად სახლებში მიჰქონდათ ცხელი კერძები.
მთელი ამ პერიოდის მანძილზე, მერიის თანამშრომლებისგან შემდგარი მოხალისეთა გუნდის წევრები ეხმარებოდნენ მარტოხელა , ხანდაზმულ ადამიანებს , ამარაგებდნენ მათ საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა, ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში შესახლებულებთან ერთად აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ქუთაისში რეგისტრირებულმა 2 467 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, 80%-მა დახმარება ვერ მიიღო. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას ყველა სოციალურად დაუცველზე ერთჯერადი დახმარების გაცემას სთხოვენ.