ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ “ლომისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა. ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს როგორც ტაძრის ეზოში, ასევე საველე პირობებში სადღესასწაულო სუფრების გაშლისგან თავი შეიკავონ.
“მთიულები 10 ივნისს „ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს-„ლომისობას“ ზეიმობენ.“ლომისობა“ დუშეთში ყოველ წელს აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. საქართველოში „ლომისას“ რამდენიმე სალოცავი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მთავარი და უძველესი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, ისტორიულ მთიულეთში მდებარე ეკლესიაა. ამ დღესასწაულს მთაში განსაკუთრებით აღნიშნავენ შესაბამისად, მთიულებისთვის ეს დღე მეტად მნიშვნელოვანია. ქვეყანაში არსებული ეპიდ-სიტუაციიდან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის მხარე ამ დრომდე, მწვანე ზონის სტატუსით სარგებლობს, რაც სამომავლოდ, როგორც შიდა ასევე, საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, ჩვენ გვსურს რეგიონმა სამომავლოდ ეს სტატუსი შეინარჩუნოს. მოვუწოდებთ მოსახლეობას თავი შეიკავონ როგორც ტაძრის ეზოში, ასევე საველე პირობებში სადღესასწაულო სუფრების გაშლისგან”,- ნათქვამია განცხადებაში.