ნაღვარევის მოსახლეობამ უკანონო მშენებლობის აღკვეთის პირობა მხარის რწმუნებულისგან მიიღო
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის მოსახლეობას მხარის რწმუნებული დუშეთის მერთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მცხოვრებლებისგან იმ პრობლემებზე მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მათ აწუხებთ. ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრობლემად სოფლის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მშენებლობა დაასახელეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ მშენებლობა უკანონოა და კომპანიამ ობიექტზე სამუშაოები უნებართვოდ დაიწყო. ნაღვარევის მცხოვრებლებმა დღეს მხარის რწმუნებულისგან მიიღეს პირობა, რომ ამ ტერიტორიაზე მათი ნებართვის გარეშე, არანაირი მშენებლობა არ მოხდება.
ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ადგილზე რაიმე სახის ობიექტის მშენებლობისთვის არცერთი კომპანიისთვის ნებართვა არ გაუცია. ამჟამად მიმდინარეობს საკითხის სრული შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები და ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.