ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს .
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ეწყობა წყრუთი-წირის, აწყური-ტყემლანის და გიორგიწმინდა-მუგარეთის დამაკავშირებელი გზები, ასევე სოფელ ანდრიაწმინდისა და ვალის მე-2 შახტის დასახლებაში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა.
მათივე ცნობით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
“ბეტონის საფარი იგება აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი გზის 1900 მეტრიან მონაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ პროექტი, აწყურის ციხისა და საკათედრო ტაძრის მიმდებარედ არსებული გზის მონაკვეთს მოიცავს, შესაბამისად მას ტურისტული დატვირთვაც ექნება, კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივებთან ერთად, ვიზიტორებიც ისარგებლებენ.
სამუშაოები გრძელდება, სოფლების – გიორგიწმინდისა და მუგარეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზეც. პროექტის ფარგლებში, გზის 1400 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაგება მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი გზით სამი სოფლის – გიორგიწმინდის, ფერსის და მუგარეთის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.
დასრულების ეტაპზეა სოფელ ანდრიაწმინდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში, 1746 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და ამ ეტაპზე გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს. შედეგად, მაღალმთიანი დასახლების მაცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ასევე აქტიურად ხორციელდება ვალეში, სადაც მეორე შახტის დასახლებაში, გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის ბეტონის საფარი იგება.
სამუშაოები დაიწყო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების – წყრუთისა და წირის დამაკავშირებელ გზაზეც. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება გზის 1300 მეტრიან მონაკვეთზე და მოეწყობა სანიაღვრე არხები. ამ დროისთვის, გზაზე გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, 5 მაისიდან მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, აქტიურად ხორციელდება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.