საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრობის საფასური ქუთაისი-თბილისის მიმართულებით 3 ლარით გაძვირდა. მოქალაქეებს დღეიდან 12 ლარის ნაცვლად 15 ლარის გადახდა მოუწევთ.
ტარიფის მომატებამ მგზავრთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც „რეგიონალურ კვირასთან“ მარინა კვანტალიანი ამბობს, საფასურის 3 ლარით მომატება საჭიროებას არ წარმოადგენდა.
„ჩემი აზრით, პანდემიის ფონზე ფასების ამხელათი ზრდა არ არის მართებული. ხალხი გასაჭირშია, ამდენით რომ არ გაეზარდათ, იმ დანახარჯს, რაც გაწიეს 1 ლარის მომატებითაც შეივსებდნენ, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ასე არ შეიძლება“, – აცხადებს კვანტალიანი.
ავტოსადგურის ადმინიტრაციაში კი განმარტავენ, რომ ტრანსპორტზე ფასის ზრდა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულმა რეკომენდაციებმა გამოიწვია, რადგან ყველა ხარჯს თავად ფარავენ.
„ტარიფების ზრდა რეკომენდაციების დაცვისთვის საჭირო აქსესუარებმა გამოიწვია, ხსნარი, თერმოსკრინინგი, ყველაფრის თანხას ჩვენ ვიხდით, არავინ გვეხმარება. გარდა ამისა, მანქანის ნაწილები, შეკეთებაც საკუთარი ხარჯებით გვიწევს. მხოლოდ საწვავის ფასი გაიაფდა, სხვა გაძვირდა, რამაც ტარიფზეც იმოქმედა“, – აცხდებენ ადმინიტრაციაში.
შეგახსენებთ, დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მგზავრები ვალდებულნი არიან ტრანსპორტში ყოფნის დროს ატარონ პირბადე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
ანუკა ლიპარიშვილი