ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია “ლავასოღლის” საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით, ბათუმში აქცია ისევ გრძელდება. დაკავებულის ადვოკატი და ოჯახის წევრები დღეს გენერალურ პროკურორს – ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, პროკურატურაში მათთვის სასარგებლო ვერაფერი უთხრეს და აქციების გაგრძელებას კვლავ აპირებენ.
გორაძის ინტერესებს ადვოკატი ლექსო კობაიძე იცავს. მისი თქმით, პროკურატურამ მინდია ლავასოღლის ექსტრადირების თარიღი ვერ დაასახელა .
აჭარის პროკურატურასთან 15 პირი რამდენიმე დღეა შიმშილობს. ოთხმა მათგანმა პირი ამოიკერა. მინდია ლავასოღლის ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წელს მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დროს იგი საქართველოში არ იმყოფებოდა.
დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით, მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთ გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.