“ამ დღეს მთელი წელი სიხარულით ველოდებით” – ფაყობა-სკალდობა ქვემო სვანეთში და სტაროსტების შემორჩენილი ტრადიცია
სულთმოფენობის დღესასწაულზე, ყოველწლიურად, ქვემო სვანეთში, ლენტეხის სოფელ ფაყში და სკალდის მთაზე, სახალხო რელიგიური დღესასწაული ფაყობა-სკალდობა იმართება. მომლოცველები ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყში მდებარე და სკალდის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, რომელიც ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარეობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხედან მიდიან.
ამ დღის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ თუ ფაყში მდებარე ტაძარში ყველა მომლოცველს შეუძლია მისვლა, სკალდის მონასტერში ეს წესი მკაცრად განსაზღვრულია და იქ მხოლოდ მამაკაცებს აქვთ შესვლის უფლება. არსებობს მეორე უცნაური ტრადიციაც – როცა სასულიერო პირები ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენენ, გარეთ, ეზოში ხალხს ე.წ. “სტაროსტები“ ლოცავენ. ეს ტრადიცია უძველესია და დღემდე შემორჩა ქვემო სვანეთის ამ დღესასწაულს.
„რეგიონული კვირა“ ფაყის მონასტერში მყოფ მომლოცველებს გაესაუბრა. როგორც ერთ-ერთი მომლოცველი, მედიკო ლიპარტელიანი გვიყვება, ამ დღეს ქვემო სვანეთი მთელი წელი მოუთმენლად ელოდება, რადგან მათთვის ეს დღე განსაკუთრებულია.
„ფაყობა-სკალდობას ქვემო სვანები განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, მთელი წელი ველოდებით ამ დღეს, მოლოცვისთვის ორი ადგილია შერჩეული -ფაყის ტაძარი, სადაც ახლა ვიმყოფებით და სკალდის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, სადაც ქალებისთვის ასვლა კატეგორიულად აკრძალულია“,- ამბობს მედიკო ლიპარტელიანი.
ჩვენი რესპონდენტი ამ წესის დარღვევის მაგალითებს იხსენებს და გვეუბნება, რომ ერთხელ, ქალი მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული სკალდის ტერიტორიაზე შეიპარა, მისი თქმით, იმ დღეს ავარია, მსხვერპლი და ათასი უბედურება მომხდარა, ერთხელაც ჟურნალისტს, ქალს მოუწადინებია ამ ადგილას შესვლა- ისეთი ამინდი წამოსულა, იქ მისვლა შეუძლებელი გამხდარა, მერე მამაკაცებს ეს ქალი უპოვიათ და უკან გაუბრუნებიათ.
მომლოცველებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ქალი ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანიც შევნიშნეთ, როგორც ის გვეუბნება, რომ ფაყის სალოცავზე ყოველწელს, ამ დღეს მიდის და ღმერთს საქართველოს სიძლიერეს შესთხოვს.
„სულთმოფენობას სვანების დღესასწაული ფაყობა-სკალდობა ემთხვევა და ეს ალბათ შემთხვევითი სულაც არაა, ამ დღეს მარტო ჩვენ არ ავღნიშნავთ, აქ საქართველოს ყველა კუთხიდან ხალხი მოდის.სკალდში ქალების გვეკრძალება, ამიტომ ფაყში მოვდვარ. ვულოცავ მთელ საქართველოს სულთმოფენობასა და ფაყობა-სკალდობას“,-გვითხრა ეთერ ლიპარტელიანმა.
„რეგიონულმა კვირა” სტაროსტას, მალხაზ ჩანქსელიანსაც ესაუბრა. მალხაზი ტაძრის ეზოში მასთან მისულ მსურველ მრევლს ხმამაღლა ლოცავდა. სტაროსტა გვიყვება, რომ ტრადიცია ქვემო სვანეთში მას შემდეგ შემოვიდა, რაც საბჭოთა კავშირი გაერთიანდა და მღვდლებს ღვთისმსახურება აეკრძალა, ეს ფუნქცია მერე უბრალო სოფლის მაცხოვრებელმა მამაკაცებმა იტვირთეს და დღესასწაულებზე ხალხის რჩეული სტაროსტები ხალხს გარკვეული მცირედი თანხის საფასურად ხმამაღლა, მთელი მრევლის გასაგონად ლოცავდნენ.
„სტაროსტების ინსტიტუტს კარგა ხნის ისტორია აქვს, გვიმტკიცებენ, რომ ამას რელიგიასთან არანაირი კავშირი არა აქვს, მაგრამ მე ისტორიულ საქმეს ვაკეთებ და ძველ ტრადიციას არ ვკარგავ. დღეს განსაკუთრებული დღეა სვანეთში, ყველა ვზეიმობთ, სტაროსტები ვცდილობთ ჩვენებურად შევთხოვოთ ღმერთს ხალხის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. მგონი არაფერს ვაშავებთ- შემოსული თანხის ხარჯვა გამჭვირვალედ ხდება-გზების შეკეთებასა და ინვენტარის შეძენაში ვიყენებთ. მე სტაროსტა ვარ და ხალხს ვლოცავ,ჩემი თავი ამ დღეს არასოდეს მახსენდება!“,- აღნიშნა მალხაზ ჩანქსელიანმა.
ფაყის ტაძარში წირვა-ლოცვას სოფლის ტაძრის წინამძღვარი მამა ირაკლი, ხოლო სკალდის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მწყემსმთავარი, მიპტროპოლიტი სტეფანე აღავლენდა.
მარინე სვანიძე