უნიკალური კურორტი ღრუბლებს მაღლა – ბახმარო ტურისტული სეზონისთვის ემზადება

15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, 1-ელი ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს. შესაბამისად, ყველა რეგიონში სამზადისი უკვე მიმდინარეობს.

2020 წლის სეზონისთვის ემზადება კურორტი ბახმაროც. ბახმარო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და უნიკალური ჰაერით არის გამორჩეული. კურორტს საქართველოს ყველა კუთხიდან მუდმივად უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. საკურორტო სეზონი მხოლოდ ზაფხულში, სამი თვის განმავლობაში გრძელდება. მიზეზი მაღალი ნალექი და ინფრასტრუქტურის არარსებობაა – არ არის წყალგაყვანილობა და ელექტრომომარაგებას ხშირად ხარვეზები აქვს.

კურორტზე ასასვლელი გზა, თითქმის ერთი თვეა რაც გაიხსნა. თუმცა, ამ დროისთვის,არც შუქია და წყლის პრობლემა კვლავაც აქტუალურია.

როგორც „რეგიონული კვირას“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა უყვება,ბახმაროში გამრიცხველიანება უკვე დაწყებულია და მიმდინარე სეზონის ბოლოსთვის დასრულდება. ეს კი უშუქობის პრობლემას მოაგვარებს.

„საკურორტო სეზონი ახლოვდება, ჩვენი წარმომადგენლები ყოველდღიურად ბახმაროში არიან, გზა სამ კვირაზე მეტია რაც გაიხსნა და ყველა მსურველს შეუძლია ავიდეს. მთავარი პრობლემები ბახმაროში რაც იყო, ჯერჯერობით ისევ რჩება, თუმცა მოგვარების პროცესშია. კონკრეტულად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომლის ღირებულება 2 მილიონზე მეტია. ეს პროექტი ეხება ბახმაროს გამრიცხველიანებას, ანუ ელექტრონული მეურნეობის მოწესრიგებას. ახალი ქვესადგურები, ახალი ძალოვანი კაბელების ჩადგმა. პირველი ეტაპი შარშან განხორციელდა. მოგეხსენებათ, რომ ბახმაროში კლიმატიდან გამომდინარე, ძალიან შეზღუდულია სამუშაო დრო. ალბათ სეზონის ბოლოსთვის, ბახმაროში ყველა რეგისტრირებული სახლი გამრიცხველიანებული იქნება. ეს მნიშვნელოვნად მოაგვარებს პრობლემას”,- აცხადებს ირაკლი კუჭავა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დამსვენებლების მიღებისას კურორტზე ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება.

„ტურისტული მიზიდულობა ბახმაროს ყოველთვის ჰქონდა, ჩვენ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ  ვითარებას, აქამდეც და მომავალშიც ვიმოქმედებთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების მიხედვით. თუ საჭირო იქნება სკრინინგი, ამისთვისაც მზად ვართ. ჩვეულებრივად, ბახმარო არის დაბა და იმოქმედებს ყველა ის რეგულაცია, რაც იმოქმედებს იმ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით. მუნიციპალიტეტი, თავისი შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა შეძლონ ჩვენს მარგალიტზე დასვენება“, – ამბობს ირაკლი კუჭავა.

მისივე თქმით, ბახმაროში დასვენება ელექტროენერგიის ჩართვის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, ეს კი დაახლოებით 15 ივნისიდან მოხდება.

„ალბათ, ყველას აინტერესებს, როდიდან იქნება ბახმაროში დასვენება შესაძლებელი. ჩვენ „ელექტრო პრო ჯორჯიას“ ვთხოვეთ და სანამ ახალი სისტემა ჩაირთვება და ეს იქნება, სეზონის ბოლოს. მანამ დამსვენებლები ისარგებლებენ ძველი ქსელით, რომელიც აღდგენას საჭიროებს. სამუშაოები დაწყებულია, უკვე სამ კილომეტრზე მეტი სადენია შესაცვლელი. ვფიქრობ, რომ ივნისის მეორე ნახევრიდან ბახმარო დამსვენებლების მიღებას შეძლებს”,- ამბობს ჩოხატაურის მერი.

კითხვაზე – შეუშლის თუ არა პანდემია კურორტზე ტურისტულ სეზონს ხელს ? – ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირს აიპ კურორტ ბახმაროს დირექტორს, დავით საჯაიას. როგორც ის ამბობს, ზუსტი სტატისტიკა შემოდგომაზე ეცოდინებათ.

“როგორც ყოველ სეზონზე, წელსაც აქტიურად ვემზადებით, დამსვენებლებთან შესახვედრად. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, წყალთან დაკავშირებით, ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებით. ყველანაირად ვცდილობთ, რომ დამსვენებელს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დავახვედროთ. რაც შეეხება პანდემიას, გათვალისწინებული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რაც სავალდებულოა”,- აცხადებს დავით საჯაია.

დამსვენებლებს კურორტი პანდემიის პერიოდშიც ეიმედებათ და ამბობენ, რომ ამ უნიკალურ ჰაერზე კორონავირუსის საფრთხეც კი არ აშინებთ.

“ბახმაროში დასასვენებლად ყოველ წელიწადს ჩამოვდივარ, ბახმარო და გურია მთლიანად არის „მწვანე ზონა“, კორონავირუსის შემთხვევები აქ არ დაფიქსირებულა. მშვენიერ გარემოში კარგი დასვენებაა შესაძლებელი. ზაფხულის სეზონზე შეიძლება ზღვაზე წასვლას მოერიდოს ხალხი, ამიტომ, მობრძანდით ბახმაროში“, -ამბობს დიდი კაცხის მცხოვრები, ხატია ბუხრაშვილი.

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ბახმაროში- ნისლებისა და ღრუბლების სამეფოში- იქ დაბრუნების სურვილი კვლავ გაგიჩნდებათ, ამას კი 15 ივნისიდან, ჩვეულ რეჟიმში შეძლებთ.

თათია სამსონიძე

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები