“სამოთხე დედამიწაზე” ანუ როგორ ხვდება პოსტ-პანდემიურ ტურისტულ სეზონს “ჰეშკილის ქოხები”
ჰეშკილის ქოხები ანუ “სამოთხე დედამიწაზე” მესტიიდან 6 კილომეტრში და ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. დაცარიელებულ და ადამიანებისგან მიტოვებულ სოფელში ფილფანების ოჯახმა 5 წლის წინ საოჯახო სასტუმროს მოწყობა გადაწყვიტა. იდეამ გაამართლა – ჯერ ერთი ქოხი ააშენეს, შემდეგ მეორე, მეორეს კიდევ რამდენიმე მსგავსი მოჰყვა, თუმცა თითოეული მათგანი უნიკალურია. თუ ერთი ხეზეა აშენებული და ფილმებში ნანახ საბავშვო ხის სახლებს მოგაგონებთ, მეორე ბრუნავს და მისტიკურ სამყაროში გახვედრებთ.
ნებისმიერი გემოვნებისა და ხასიათის ადამიანს გულდაწყვეტილს რომ არ დატოვებს ჰეშკილი, ზუსტად ის ადგილია. გარდა ქოხებისა, აქ იდეალური გარემოა კემპინგით დაინტერესებული ტურისტებისთვისაც.
პროფესიით პედაგოგი ლალი ჯაფარიძე-ფილფანი მესამე წელია საოჯახო სასტუმროს უძღვება. თავდაპირველად, სტუმრები ძირითადად ადგილობრივი ტურისტები იყვნენ, თუმცა მთებით გარშემორტყმულმა გარემომ, სადაც ქოხები მძივებივითაა ჩამწკრივებული და საქართველოს ბუნების ულამაზესი ხედები იშლება, უცხოელი ტურისტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სფერო საქართველოშიც ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, „ჰეშიკილის ქოხები“ ყველაზე მეტად მომზადებული დახვდა პოსტ-პანდემიურ პერიოდს. ქოხები ერთმანეთისგან თავიდანვე გარკვეული დისტანციით იყო განლაგებული.
“საოჯახო სასტუმროს ეს ქოხები, ჩვენი ხელით არის გაკეთებული რასაც ხედავთ, ავეჯიდან დაწყებული. პანდემიის პირობებში გადავწყვიტეთ, შემოსასვლელებთან მოვაწყოთ დეზო-ბარიერები და სადენზინფექციო ხსნარები განვათავსოთ. დაზღვეული არავინ არაფრისგან არის, მაგრამ სხვებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, რადგან ყველა ქოხში გვაქვს ინდივიდუალური შესასვლელი. სტუმარს შეუძლია დამოუკიდებლად, ისე იცხოვროს, რომ სხვასთან კონტაქტი არ ჰქონდეს”, – ამბობს სასტუმროს მეპატრონე ლელა ჯაფარიძე.
ჰეშკილის ქოხები წლევანდელ დამსვენებელს სიახლით ხვდება. აქამდე თუ ელექტოენერგიის პრობლემის გამო, სეზონი სექტემბერში უკვე მთავრდებოდა, წელს სოფელს შუქი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება და ზაფხულის სეზონის გაგრძელება პირველ თოვლამდეც შესაძლებელი იქნება.
„ელექტროენერგიაზე დიდ იმედებს ვამყარებთ, რადგან წელს შესაბამისად გათბობაც გვექნება და ამიტომ სეზონი გაიწელება ანუ ნოემბრამდე ვიმუშავებთ“, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ლელა ჯაფარიძე-ფილფანი.
როგორც საოჯახო სასტუმროს მეპატრონე „რეგიონულ კვირას“ უყვება სოფელი მოსახლეობისგან დაცლილი იყო, თუმცა, რაც ფილფანების ოჯახმა მამაპაპისეული მიწა-წყალი გააცოცხლა, სოფელს 10 ოჯახი დაუბრუნდა.
სასტუმრო წლევანდელ სეზონს 15 ივნისს გახსნის და ზემო სვანეთის დამსვენებელს ნოემბრის ბოლომდე უმასპინძლებს.