40 წლის შემდეგ დმანისის 8 სოფელში მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში ექნება

40 წლის შემდეგ, პირველად დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის – ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი, ჯავახი – მოსახლეობა სასმელ წყალს 24-საათიანი გრაფიკით მიიღებს.

მიმდინარე სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მოინახულეს.

როგორც რწმუნებულმა „რეგიონულ კვირას” განუცხადა, პროექტი ოქტომბრის თვისთვის დასრულდება.

„დმანისის მუნიციპალიტეტში მასშტაბურად მიმდინარეობს სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტი. სოფელ მთისძირიდან სათავე ნაგებობის შემკრები რეზერვუარის და მაგისტრალური ხაზის სამუშაოები, რომელიც დასრულდება ოქტომბრისთვის. რაც მთავარია სამუშაოები მიმდინარეობს ვადაში. ეს არის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. 40 წლის მანძილზე 8 სოფელი განიცდიდა ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების დეფიციტს და ეს იქნება კიდევ ერთი კარგი მაგალითი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვიილმა.

მოსახლეობისთვის ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ სასმელი წყალი წარმოადგენს. როგორც „რეგიონულ კვირასთან“ ადგილობრივები განმარტავენ უწყლობის პრობლემა თითქმის 40 წელია აწუხებთ.

„ჩვენი მრავალი წლის პრობლემა სწორედ უწყლობა იყო, ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩვენს სოფლებში სასმელი წყალი გვექნება. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს მერს და რწმუნებულს რომ მობრძანდნენ და მოინახულეს მიმდინარე სამუშაოები “, – გვითხრა რამიზ რამაზანოვმა.

დმანისის მერის განცხადებით, კი თუ სამუშაოები იმ ტემპიტ გაგრძელდება, როგორც ახლა მიმდინარეობს, პროექტი, შესაძლოა, ვადაზე ადრე დამთავრდეს.

„პროექტი მიმდინარეობს დაგეგნილ ვადებში. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ მუშაობას, სექტემბერის დასაწყისისთვის უკვე ექსპლუატაციაში იქნება გაშვებული ქსელის ეს ნაწილი, რომელიც მოიცავს სათავე ნაგებობას მაგისტრალზე და სამარაგოს.

ძალიან საინტერესო და კარგი პროექტია დმანისის მუნიციპალიტეტისთვის. COVID-19-ს ამ პროექტის განხორციელებაში ხელი არ შეუშლია, ვინაიდან ყველა რეკომენდაციას და მითითებას კონტრაქტორი კომპანია ასრულებდა ზედმიწევნით. კომუნიკაციაშია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ცენტრალურ ხელისუფლების იმ კონკრეტულ რგოლებთან, რომლებიც აკონტროლებენ ამ რეგლამენტებს“ , – განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.

ცნობისთვის, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 068 169 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ წყლის უწყვეტი გრაფიკით 215 ადამიანი ისარგებლებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები