სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა. ვიდეო ჩანაწერში ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლის უფროსკლასელები ფიგურირებენ. ვინ გადაიღო და ვინ ატვირთა კადრები ინტერნეტში უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.
მომხდარს გამოეხმაურა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელიც. გოჩა დავითაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია რესურსცენტრში სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ სკოლიდან მიიღეს. მისი თქმით, კადრები გადაღებულია არასასწავლო პერიოდში, სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში.
„ერთ-ერთი კერძო სკოლის მიერ დღეს მოწოდებული იქნა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში დახურულ ჯგუფში გავრცელდა ვიდეო. სავარაუდოდ ეს ვიდეო ეხება ამ სკოლის მოსწავლეებს. ამის შემდგომ სკოლამ დაიბარა მშობლები და მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია . ასევე სკოლამ ინფორმაცია მიაწოდა სოც. სააგენტოს და სამართალდამცავ ორგანოებს. ამ მომენტისთვის მშობლებმა დაწერეს განცხადებები და თავიანთი შვილების გადაყვანა სურთ ამ სკოლიდან. ეს ვიდეო გადაღებულია არა სასკოლო დროს, სკოლის გარეთ. სავარაუდოდ მშენებარე კორპუსში,“-განაცხადა გოჩა დავითაძემ.