აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის კიდევ ერთი სახელმძღვანელო, სახელწოდებით „ღვინის მეგზური“ გამოსცა.
წიგნი ღვინით დაინტერესებული ტურისტებისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. მასში თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიის, ღვინის დაყენების ტექნოლოგიის, ქართული ვაზის ჯიშების, ღვინის დაგემოვნების ხელოვნებისა და კერძებთან მისი შეხამების შესახებ.
„ღვინის ტურისტულ მარშრუტებზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გიდები და საოჯახო მარნების მფლობელები, რომლებიც ყველა საჭირო ინფორმაციას ღვინისა და ქართული ვაზის შესახებ ტურისტებს სწორად მიაწოდებენ. „ღვინის მეგზური“ ამ მიმართულებით გიდებისთვის ნამდვილად სამაგიდო წიგნია, რომელიც მათ ინფორმაციის მიღებასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. გარდა წიგნისა, ღვინის ტურიზმის შესახებ ჩვენ ასევე ჩავატარეთ ტრენინგები საოჯახო ღვინის მარნებისთვის, მიმდინარე წელს კი უკვე გიდების გადამზადებას ვგეგმავთ,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
აღნიშნული სახელმძღვანელო მეორეა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის მოამზადა. მისი ავტორია მწერალი, ღვინის კლუბის დამაარსებელი და Wine & Spirit Education Trust-ის მე-3 დონის სერტიფიცირებული ღვინის პროფესიონალი მალხაზ ხარბედია.