სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი, ლადო აფხაზავა 2019 წლის “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალისტია. ის მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია. რამდენიმე საათის წინ ფონდის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, სპეციალური ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც 10 ფინალისტი მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა. 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში, ლადო აფხაზავასთან ერთად, არიან: დებორა გურაფლო – ბრაზილია; დეიზი მერტენს – ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტ – დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა – ინდოეთი; მელისა სალგუერო – აშშ; მარტინ სალვეტი – არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარან – ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო – იაპონია; პიტერ ტუბიში – კენია.
ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება. ჯილდო 1 000 000 დოლარია, რომელიც გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის გადაეცემა. კამპანიის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასებაა.
ჯილდო 2015 წლიდან მოქმედებს. პირველი ჯილდოს მფლობელი ნენსი ეტველი, აშშ-ის შტატ მენიდან, ინგლისური ენის ნოვატორული სწავლებისათვის გახდა; 2016 წელს ჯილდო ჰანან ალ ჰრუბს გადაეცა, მასწავლებელს პალესტინიდან, რომელიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო და ახლა სწავლებისას მისი ლოზუნგია -„არა ძალადობას“; 2017 წელს ჯილდო კანადელ მასწავლებელს, მეგი მაკდონელს გადაეცა, 2018 წელს კი – ანდრია ზაფირაკუსს, მასწავლებელს დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ბრენტის სკოლაში მოსწავლეებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან ასწავლის.