ზუგდიდის სკეიტპარკში „m²“-ის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

ზუგდიდში, სკეიტპარკის ტერიტორიაზე „m²“-ის მიერ დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია “ფეისბუქზე” „ზუგდიდი თაიმსის“ ჯგუფში დაიგეგმა.

„მეგობრებო, ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, გვიხარია და ვაფასებთ, როცა ვხედავთ მისი განვითარებისთვის სასიკეთო ძვრებს. მაგრამ ვერ ვიქნებით სირაქლემას პოზაში მაშინ, როცა ვხედავთ, რომ მთავრობას ეშლება და ეს ჩვენს ქალაქს აზიანებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ რეკრეაციულ ზონაში, ე.წ. სკეიტპარკის ტერიტორიაზე, 120-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა არის დაუშვებელი. ვისაც გტკივათ ზუგდიდი, ჩვენს მოქალაქეებმა, ჩვენი პოზიცია ყველამ უნდა დავაფიქსიროთ! ვიკრიბებით შაბათს, 16 თებერვალს 16:00 საათზე, სკეიტპარკში, ყინულის სახლთან“, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

29 იანვარს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა ადგილობრივ არქიტექტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის პროექტი გააცნო.

პროექტის მიხედვით, ოთხვარსკვლავიანი, 120-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება, ყინულის სასახლეს გადატანას კი ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე აპირებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები