ყოფილი ცოლის დანით დაჭრის ბრალდებით ყაზბეგში 46 წლის მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ყაზბეგში დააკავეს 46 წლის მამაკაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლე დაჭრა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 43 წლის ქალს სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – განაცხადეს შსს-ში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11-117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.