“არის რამდენიმე პროვოკატორი, რომელიც სოფლების სახელებს გამიზნულად ცვლის“

მაჭატია, ბუღაშენი, თირკნა, ზაკვი – ეს იმ სოფლების მცირე ჩამონათვალია, სადაც აბრებზე სოფლების სახელები შეცვლილია. ახალქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ახალქალაქის ერთ–ერთი უძველესი სოფლის შესასვლელში, აბრაზე, მაჭატიას ნაცვლად, მაჯადია წერია. წარწერა ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი აბრა, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ორი წლის წინ დადგეს და ამისთვის ნებართვა გამგეობიდან მიიღეს: „ჩვენ გავაკეთეთ, სოფელმა ავაგროვეთ ფული. გამგეობამ მოგვცა ნებართვა. ადრე ამ სოფელს მაჯადია ერქვა და ამიტომ შევცვალეთ მისი სახელი“, – ამბობს მაჭატიაში მცხოვრები ტიგრან მარკარიანი. „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, რომელი ისტორიული წყაროების მიხედვით იხელმძღვანელეს სოფლისთვის სახელის შეცვლისას, ადგილობრივები გვპასუხობენ: „სხვა არაფერი ვიცით. ვიცით ის, რომ ეს სოფელი მაჯადიააა“.
მაჭატიის მსგავსად, სახელწოდებაა შეცვლილი მეზობელ სოფელ ბუღაშენშიც. აქ აბრაზე ბაგაშენი წერია: „ჩვენს სოფელს ბუღაშენი ქვია, მაგრამ ტრაფარეტზე შეცდომით დაწერეს. ვერ გეტყვით, ვის შეეშალა ეს. ალბათ, გზების კომპანიას ეცოდინება – ვინც მაგას აკეთებს“, – გვითხრა სოფელ ბუღაშენში მცხოვრებმა ვალერ აფოზიანმა. აბრაზე შეცვლილი სახელწოდების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ბუღაშენის საჯარო სკოლის დირექტორს, თათევოს პალიანსაც: „ვერ გეტვით, ვინ რა დაწერა, მაგრამ ჩვენი სოფლის სახელწოდება ბუღაშენია“.
ტირკნა წერია ბუღაშენის მიმდებარედ სოფელ თირკნას აღმნიშვნელ აბრაზეც: „გუგლში შეცდომით წერია – ჩვენს სოფელს ტირკნა ჰქვია, ესაა სწორი და, ალბათ, იმიტომ ჩაასწორეს. მაგრამ ვინ გააკეთა ეს, არ ვიცი“, – ამბობს სოფელ თირნკაში მცხოვრები ერთ–ერთი ადგილობრივი. დამახინჯებულია სოფლის სახელწოდება სოფელ ზაკვის შესასვლელშიც. აქ ასოები საღებავითაა გადაშლილი და აბრაზე, ზაკვის ნაცვლად, ზაქვი წერია, ბოლო ორი ასო კი წაშლილია.
ახალქალაქის სოფლებში შეცვლილი აბრები სოციალურ ქსელში პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა გამოაქვეყნა. იგი წარმოშობით ახალქალაქიდანაა. მეტრეველის თქმით, ჯავახეთში ბევრი სოფელია, სადაც მსგავსი პრობლემაა: „წლების წინ, აბრაზე სახელწოდება შეიცვალა სოფელმა ღადომ, ახლა აქ ღადოლარი წერია. ქართულ ტიპონიმებზე აგრესია საუკუნეებია, მიდის. მაგრამ ეს ჩვენს დროშიც რომ არ სრულდება და არ კონტროლდება, ესაა გულსატკენი. ადგილობრივებზე იმდენად არ მწყდება გული, როგორც ჩვენს სტრუქტურებზე – გულგრილად ეკიდებიან ამ ყველაფერს. ერთს არ მიაქციეს ყურადღება, მეორეს და, როცა დაუსჯელობას იგრძნობენ, უარესი იქნება. ვერ ვიტყვი, რომ მთელი მოსახლეობა დადის და ამას აკეთებს. იქ არის რამდენიმე პროვოკატორი, რომელიც სოფლების სახელებს გამიზნულად ცვლის“, – ამბობს მეტრეველი. მისი თქმით, ჯავახეთში, დასახლებების ნაწილში, საერთოდ არ დგას აბრები, ზოგიერთ შემთხვევაში კი – დაკარგულია: „ნინოწმინდა–ახალქალაქს შორის სოფლებია, რომლებსაც საერთოდ არ აქვს ფირნიშები. ამიტომ, პერიოდულად, ადგილობრივები დგამენ რაღაცას, ცხადია – დამახინჯებულსა და არასწორს“. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, იური უნანიანი აცხადებს, რომ აბრებზე სოფლების შეცვლილი სახელების შესახებ ინფრომაცია არ აქვს: „ჩემთვის არავის უთქვამს, თქვენგან პირველად გავიგე. სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომაა, მაჭატიას ნაცვლად თუ მაჯადია წერია. დანარჩენ სოფლებზე ვერ გეტყვით. ერთი წელია მერი ვარ და ჩემთან, სოფლის ფირნიშის შესაცვლელად, არავინ მოსულა. დავინტერესდები ამ საკითხით“.
აბრებზე სოფლების შეცლილი სახელების შესახებ არაფერი იცის ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემაც: „ჩვენთან, საკრებულოში, ფირნიშის შეცვლის შესახებ განცხადება არ შემოსულა, არც ახლა და არც ადრე. ეს გზების დეპარტამენტის საქმეა და შეგიძლიათ, მათ დაუკავშირდეთ. 10 წლის წინ, როცა მერიაში ვმუშაობდი, სახელმწიფოსგან მოგვივიდა სოფლის სახელები და რაც ადრე ერქვა ის ქვია ახლაც, მე სხვა არაფერი ვიცი“, – გვითხრა ნაირი ირიციანმა. ახალქალაქში გზების მოვლა–პატრონობაზე, ბოლო 30 წლის მანძილზე, პასუხისმგებელი შპს „ჯავახ ავტოგზაა“. „დარეკეთ პოლიციაში და ისინი უფრო კარგად გაგცემენ პასუხს ვინ, ხსნის მაგ ნიშნებს, ვინ შლის სახელწოდებებს და ვინ ეწევა პროვოკაციას, მე ვერაფრით დაგეხმარებით. კანონდარღვევით ჩემი დაყენებული იქ არაფერია. რაც შეეხება სომხურ წარწერებს, ეს არც კი უნდა იკითხოთ, ამას საგზაო დეპარტამენტი არ გააკეთებდა“, – განაცხადა შპს „ჯავახ ავტოგზის“ დირექტორმა, ნოდარ ინასარიძემ. მისი თქმით, იმ ტერიტორიაზე, სადაც აბრებზე სახელწოდებები შეცდომითაა დატანილი, სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს გზების დეპარტამენტის დაკვეთით ერთ–ერთმა კომპანიამ გაახორციელა: „არაგვადან კოთელიამდე გზის რებაილიტაცია სომხეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ გაახორციელა. საგზაო ნიშნებიც ამ კომპანიამ დააყენა. ჩვენ მხოლოდ მოვლა–შენახვა გვევალება. რაც დაზიანდება. იმას ვაკეთებთ. რასაც იმ კომპანიას დაავალებდნენ. იმას გააკეთებდა ისიც. ისე. ტოპონიმიკას ისტორიკოსებმა უნდა მიხედონ. სად რა სახელწოდებაა, ჩვენ ხომ არ დაგვესიზმრება? აი, მაგალითად, დილისკას ადრე დილისკარი რქმევია–თურმე“.
ნოდარ ინასარიძის განცხადებით, წლების წინ იყო შემთხვევები, როცა საგზაო ნიშნები გზებზე აღარ ხვდებოდა და მისი ხელახლა დამონტაჟებდა უწევდა: „მე რა ვიცი, ვის რისთვის მიჰქონდა. ზოგი ჟეშტს იყენებდა, ალბათ“.
რომელმა კომპანიამ დაამონტაჟა ცენტრალურ გზაზე სოფლის მიმანიშნებელი აბრები არასწორად და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, ამ კითხვებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ. თუმცა, უწყებამ კითხვებზე პასუხის გასაცემად წერილობით მიმართვა მოგვთხოვა: „რამდენიმე სამსახურიდან უნდა მოვიპოვო ინფორმაცია. ადგილზე უნდა მივიდეს ჩვენი წარმომადგენელი, აღირიცხოს შეცდომები და უნდა გავარკვიოთ, რატომ მოხდა ასე“. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ, ბოლო პერიოდის მანძილზე, ახალქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში საგზაო ნიშნების ქურდობის ფაქტებზე, პოლიციას შეტყობინება არ მიუღია. რაც შეეხება აბრების იერსახის დამახინჯების საკითხს – ეს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეა.

წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები