ფარული კადრების ამტვირთავს საკუთარი ძმა ამხელს – “ურეკში ერთად გავიზარდეთ.. მისგან ყველაფერს ველოდი, რაც მოვისმინე, იმ სიბინძურეს – არა”

როგორც ცნობილია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს. მათი ნაწილი დღეს ციხეშია, ნაწილი კი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში buba lomtatidze-დ დარეგისტრირებული პირი, რომელმაც ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. ერთ-ერთმა ტელევიზიამ “ფეისბუკში” buba lomtatidze-დ დარეგისტრირებულ პირთან ინტერვიუ აჩვენა, თუმცა სიუჟეტში, რესპონდენტის ნამდვილი გვარ-სახელი არ უხსენებიათ. გაზეთი “კვირის პალიტრა” შეეცადა მეტი გაეგო მასზე და ვინაობაც დაადგინა.

გაირკვა, რომ პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია. დიმიტრი ანდრეევი ცოლთან – სოფია თურმანიძესთან ერთად, სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. სავარაუდოდ, სწორედ ეს პირია ვიდეოს პირველად ამტვირთავი, თუმცა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ფარული ვიდეომასალა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

სომხური პრესის ინფორმაციით, შარშან, 31 მაისს სომხეთში 26 წლის ტაქსის მძღოლის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. დანაშაული ოპერატიულად გაიხსნა და 2018 წლის 4 ივნისს სომხეთის სასამართლომ ურეკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების – 32 წლის დიმიტრი ანდრეევისა და მისი მეუღლის, 34 წლის სოფია თურმანიძის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი ეჭვმიტანილი არიან ქალაქ გიუმრის მცხოვრები 26 წლის ტაქსის მძღოლის, ჟორა მარტიროსიანის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში.
მგზავრებმა ჟორა მარტიროსიანი ქვებით ჩაქოლეს. ცხედარი ისე იყო დასახიჩრებული, მისი ამოცნობა ახლობლებსაც გაუჭირდათ. გაზეთმა “კვირის პალიტრა” ურეკში მიაგნო დიმიტრის ძმას, რომა ანდრეევს, რომლის თქმითაც, მისი ძმის უკან ვიღაცები დგანან და ის მხოლოდ გამხმოვანებელია.

“ტელევიზიით ვნახე სიუჟეტი. ყველაზე გამაოგნებელი ის იყო, რომ ჩემი ძმის ვინაობა დამალეს. ის დიმიტრი ანდრეევია. ჩემზე მეტად მასზე არავის შესტკივა გული, მაგრამ დამნაშავეს ხელს ვერ დავაფარებ. ტელევიზიით რომ ლაპარაკობდა, გაოგნებული დავრჩი. როგორ შეიძლება, კაცმა ასეთი რამ მოიგონო? ის ფანტაზიორია, ტყუილების გუდა. ჯერ მთელს ოჯახს ვალები დაადო და გააუბედურა, ჩაძირა და ახლა ისევ ტყუილებით აგრძელებს ცხოვრებას. ვის დაემსგავსა, არ ვიცი. დიმიტრი ჩემზე პატარაა. ერთად გავიზარდეთ ძალიან, კარგ ოჯახში”, – ამბობს რომა ანდრეევი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

როგორც მისი მონაყოლიდან ირკვევა, დიმიტრი ანდრეევი საქართველოში არაერთხელ ყოფილა ნასამართლევი.

“18 წლის იყო, პირველად ციხეში რომ მოხვდა ქურდობისთვის. მაშინ ოთხი წელი იჯდა. მერე გამოძალვისა და ქურდობისთვისაც დაიჭირეს. ახლა სომხეთში ცოლ-ქმარი მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. ოთხი წელია, რაც სოფია თურმანიძე ცოლად შეირთო. დიმიტრი ჩემი ღვიძლი ძმაა; კიდევ გვყავს და-ძმა დედას მეორე ქორწინებიდან. სამწუხაროა, რომ ამაზე მიწევს საუბარი, მაგრამ დიმიტრი არასერიოზული კაცია, საკუთარ კანში რომ ვერ ეტევიან, ისეთი. ბევრი პრობლემა შეუქმნა ოჯახს. 34 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, მის გამო ოჯახს სულ პრობლემები ჰქონდა. დედას სახლი, რომელშიც გავიზარდეთ, ლომბარდში დააგირავებინა. ატყუებდა, ფულს ვიხდიო და ვალი 8 000 დოლარამდე რომ ავიდა, სახლი დავკარგეთ. მეორე სახლი, სადაც ახლა დედა ცხოვრობს, ორ ნაწილად იყო გაყოფილი და ის მეორე ნაწილიც დააკარგვინა. ჩემგან დაუკითხავად, სწრაფი სესხები ჩემს სახელზე აიღო და 20 000 ლარზე მეტი დამადო ვალად. წარმოიდგინეთ, მანქანაც დამიყადაღეს – პოლიციამ გამაჩერა და მისი ვალების გამო, ქუჩაში ჩამომართვეს. მის გამო ნაკვეთიც კი დავკარგე. ოჯახს რა უქნა და სხვას რას უზამს, წარმოგიდგენიათ?!… სახლიც ჰქონდა, კარგი მანქანაც ჰყავდა და შეეძლო, პატიოსნად ეცხოვრა, მაგრამ სულ ამბობდა, ამ სოფელში რა მინდა,უნდა წავიდეო. სოფიას ძმა საფრანგეთში ცხოვრობს და ერევნიდან იქ მიდიოდნენ. როგორიც თვითონ არის, ცოლიც ისეთი ჰყავს. დაკავებამდე პერიოდულად მიკავშირდებოდა, მერე არაფერი ვიცი…”, – აცხადებს რომა ანდრეევი.

რაც შეეხება იმას, რომ მათთან ერთად შოთა მაღლაკელიძეც იყო, რომა ანდრეევი აცხადებს, რომ მაღლაკელიძეც ურეკში ცხოვრობს და ის დიმიტრი ანდრეევთან მეგობრობდა.

“შოთა ურეკში ცხოვრობს. ის ჩემს ძმასთან მეგობრობდა და ახლა იძებნება. ერთად როგორ აღმოჩნდნენ, არ ვიცი…

…მისგან ყველაფერს ველოდი – ხომ გითხარით, ფანტაზიორია, მაგრამ რაც მოვისმინე, იმ სიბინძურეს – არა. კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? მაკანკალებდა, ამ სიბინძურეს რომ ვუსმენდი. ემზარ ივანიშვილი ჩემი მეზობელია. კარგის მეტი ამ ოჯახისგან არაფერი მახსოვს. ბაბუაჩემი მათთან მეგობრობდა. ბაბუა ლომთათიძეა. ივანიშვილები და ბაბუას ოჯახი ერთი კუთხიდან იყვნენ. დღემდე ვმეგობრობ ემზართან. ურეკში ჩვენი სახლები გვერდიგვერდ დგას, თითქმის ყოველდღე ვხედავ. როცა ოთხი წლის წინ ბაბუა გარდაგვეცვალა, ყველაზე მეტად ეს ოჯახი დაგვიდგა გვერდით. არანაირი კონფლიქტი ბაბუას ემზართან არ ჰქონია, მაგრამ არც ძმაკაცები ყოფილან. წლებია, ჩემს ძმას ემზარი არ უნახავს. ურეკიდან იძულებით წავედიო, რომ ამბობს ტყუილია! მას საზღვარგარეთ უნდოდა წასვლა… ავანტიურისტია ჩემი ძმა და ყველაფერს იგონებს. როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო მის ხელში ფარული ჩანაწერები, არ ვიცი. არასოდეს არჩევნებზეც კი არ წასულა, აპოლიტიკური იყო. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იყენებს, მის ზურგს უკან ვიღაცა დგას. დანამდვილებით გეტყვით, რომ მის “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნებული ტექსტი ჩემი ძმის დაწერილი არ არის. ჩვენ რუსული განათლება გვაქვს, მართვის მოწმობაც კი რუსულად ავიღეთ. ლაპარაკი და წერა-კითხვა კი ვიცით ქართულად, მაგრამ ასე გრამატიკულად და დალაგებულად ჩემი ძმა ვერ დაწერდა, გამორიცხულია! ამაზე თავს დავდებ!…
​არ ვიცი, რისთვის უნდა ეს სპექტაკლი ან რატომ დამალა ნამდვილი ვინაობა…იქნებ ვინმე დაჰპირდა, ციხიდან გამოსვლაში დაგეხმარებიო… ნეტავ, რისთვის აკეთებს ამას? საიდან მოხვდა მის ხელში ეს ყველაფერი? ღამეები არ მძინავს ამაზე ფიქრით…
​ამ ყველაფერს ის მარტო ვერ გააკეთებდა. ალბათ, რამეს შეჰპირდნენ და აქვს იმედი, რომ ციხიდან დაიხსნიან… კაცს სინდისი უნდა გქონდეს, რომ ჩადენილისთვის სასჯელი ღირსეულად მოიხადო. ამ საქმიდან დასაძვრენად არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო და სხვას რაღაცები დააბრალო. ყველა მისი სიტყვა ტყუილია. უნდა გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ ალაპარაკებს”, – აცხადებს რომა ანდრეევი.

წყარო: “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები