„ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ თითქოს სამკაულს „ 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურააკლდა“, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“ შეიქმნა, რომელიც დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტდა. კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“.
როგორც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ვანის ყელსაბამი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზეა წარმოდგენილი, ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. გამოფენის დასრულების შემდეგ, 5 მარტიდან, კი კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.