ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ქალს სააპელაციო სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად, დატოვა ძალაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმადაც, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე ს.მ. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 13 ივნისს ს.მ.-მ ქ.ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მისთვის მიბარებულ 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ს.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.