ცნობილმა რუსმა ვებ-დიზაინერმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და ჩრდილო ოსეთი “გააერთიანა”-რას ფიქრობენ საქართველოში
რუსეთში მოღვაწე, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გრაფიკულმა დიზაინერმა, ბლოგერმა და მოგზაურმა არტემ ლებედევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის ერთიანი ტურისტული სიმბოლიკა შექმნა.
როგორც დიზაინერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ტურისტული ბრენდი ახალ შრიფტს, შვიდი მთის გამოსახულებას, მთის ლეოპარდის გამოსახულებასა და კონტრასტულ წრეებს აერთიანებს.
უცნობია კონკრეტულად ვინ დაუკვეთა რუსეთში ცნობილ ვებ-დიზაინერს “სამხრეთ ოსეთისა” და ჩრდილოეთ ოსეთის ერთიანი ტურისტული სიმბოლიკის შექმნა, თუმცა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში, ლებედევის სტუდია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ტურიზმის კომიტეტის წარმომადგენელ ზაურ კოძაევს და ე.წ. სამხრეთ ოსეთი – ალანიას დე ფაქტო რესპუბლიკის “საინფორმაციო ტექნოლოგიების და კავშირების” ხელმძღვანელ ალან სალბიევს “გაწეული დახმარებისა და პროექტში ჩართულობისთვის” მადლობას უხდის.
როგორც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე გამოქვეყნებული შეფასებებიდან ირკვევა, ლებედევის მიერ შემუშავებული სიმბოლიკებით უკმაყოფილოა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უმეტესობა და ისინი გრაფიკას “პრიმიტიულს” უწოდებენ.
ერთ-ერთი პოსტის ავტორი იმასაც წერს, რომ ერთიანი სიმბოლიკების შექმნა ლებედევის სტუდიას ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ტურიზმის კომიტეტმა დაუკვეთა.
“უცნობია, რა დავალება მისცა “სამხრეთ ოსეთის” ტურიზმის კომიტეტმა ლებედევის სტუდიას, მაგრამ შედეგი არ გამოხატავს კულტურულ დახასიათებას, ბუნებრივ და ყველა სხვა განსაკუთრებულ ხიბლს რესპუბლიკაში. რა საჭიროა უბრალო პრიმიტიული გრაფიკა, რომლის მიღმაც არანაირი შინაარსი არაა. რა შეიცვლება, თუკი ლოგოტიპი, სხვა ქვეყნისთვის იქნება გამოყენებული? საინტერესოა, რამდენი ადამიანი თვლის, რომ “შვიდი მთა” სამხრეთ და ჩრდილო ოსეთის სიმბოლიკაა?” – წერს სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
“ლებედევის სტუდიაში ლოგოტიპის შემუშავების ფასი ლებედევის თქმით, მილიონი რუბლიდან იწყება ან 100 ათასი რუბლიდან “ექსპრეს დიზაინის” პროგრამის ფარგლებში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლოგო არ იყო შემუშავებული “ექსპრეს დიზაინის” ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ დამკვეთს ჰქონდა უფლება შეეფასებინა და ემართა კონცეფცია”, – წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი.
პიარკონსულტანტი გიორგი კალატოზიშვილი ფაქტს საგანგაშოს უწოდებს და ამბობს, რომ ადგილი აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, ოკუპაციის ლეგიტიმურად წარმოჩენის კიდევ ერთ მცდელობას, ახლა უკვე კომუნიკაციების გამოყენებით. რაც შეეხება უშუალოდ არტემ ლებედევის ფიგურას, თუ გადავხედავთ რუსულ მედიასაშუალებებს, ვნახავთ, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრიტიკას არ ერიდება და მას უგემოვნოსაც კი უწოდებს, თუმცა მეორეს მხრივ, არტემ ლებედევის კომპანია არაერთ მსხვილ სახელმწიფო ტენდერს იგებს.
გიორგი კალატოზიშვილი ვარაუდობს, რომ ლებედევის მხრიდან რუსეთის პირველი პირის მისამართით გამოთქმული თამამი შეფასებები ფორმალურ ხასიათს ატარებს.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ლებედევი რუსეთში წარმატებულ კარიერას ვერ აიწყობდა.
„რუსულ შოუბიზნესსა თუ სხვა სფეროებში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ფორმალურად აკრიტიკებენ პუტინს, ეს კეთდება იმისთვის, რომ აღქმითი ბალანსი იყოს შენარჩუნებული. ერთის მხრივ, ლებედევი ეპატაჟური, პროვოკაციული, სკანდალური პიროვნებაა, თავისი ხმამაღალი და არაცენზურული გამოთქმებით, თუმცა მეორეს მხრივ, ვხედავთ, რომ ის და მისი კომპანია საკმაოდ აქტიურად და წარმატებითაა ჩართული რუსეთის სახელმწიფო ტენდერებში და იგებს „გაზპრომის“, მოსკოვის მეტროპოლიტენის რებრენდინგის პროექტებს. ასე ცალსახად „სამეფო კარის მხატვარს“ ვერ ვუწოდებთ, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ განდეგილია და ნეიტრალური. ძალიან რთულია, იყო პუტინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი, ამას საჯაროდ აფიქსირებდე და პარალელურად, წარმატებულად აკეთო საქმე რუსეთში. ლებედევი კი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გრაფიკული დიზაინერი ქვეყანაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვხედავთ, მის აშკარა ჩართულობას იმ პროცესში, რასაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობა ჰქვია. “სამხრეთ ოსეთისა” და ჩრდილოეთ ოსეთის ერთიანი ტურისტული სიმბოლიკების შექმნაც ამას ისახავს მიზნად, ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების გამოყენებით სურთ, უცხოელებს მიაწოდონ მოცემულობა ისე, როგორც ლეგიტიმური. ეს დაუშვებელია!“, -აცხადებს გიორგი კალატოზიშვილი.„კვირასთან“ საუბრისას.
კონფლიქტოლოგი ლევან გერაძეს თქმით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამართლებს არსებულ ვითარებას და ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ცალსახად მიუღებელია.
„მე არ გავცნობივარ ამ ინფორმაციას, შესაბამისად, ვერ გეტყვით, რა მოტივები ამოძრავებდა ამ კონკრეტულ ვებ-დიზაინერს ან დამკვეთს, როდესაც ეს ყველაფერი იქმნებოდა, თუმცა ზოგადად, ყველანაირი მცდელობა, რომელიც ამართლებს არსებულ ვითარებას, ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უშლის ნდობის აღდგენას, შერიგებას და ა.შ. რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს ხელს არ უწყობს მშვიდობის დამყარებას და ნდობის აღდგენას. ნებისმიერი რამ, რაც მიმართულია მშვიდობისა და შერიგების წინააღმდეგ, არის საფრთხის შემცველი, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსებისთვისაც“, – აღნიშნა ლევან გერაძემ
წყარო: kvira.ge