საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, წინა წლის მოსავლის ნარჩენების დაწვისას გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა, არ შეუქმნან საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს“, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ბოლო პერიოდში, გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, წინა წლის მოსავლის ნარჩენებს წვავენ.
ასევე, ხშირად, მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ ცეცხლის შეკავებას და ხანძარი მასშტაბურ ტერიტორიებზე ვრცელდება.
არის შემთხვევები, როდესაც დაგვიანებით ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გამოძახება.
პრევენციის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საქართველოს ათივე რეგიონში, გუბერნიებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო.
იქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე გააკონტროლებენ ხანძრების დამატებით ტერიტორიებზე გავრცელების რისკებს“, – ნათქვამია განცხადებაში.